ევროკავშირის კვალად რუსეთს სანქციებს აშშ-ც უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ შეუერთდება ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხში.

სანქციები დაწესდება ენერგეტიკის, თავდაცვის და ფინანსების სფეროში.

მისი თქმით, ახალი ეკონომიკური ზომები მიმართულია იმისკენ, რომ რუსულ ბანკებს კაპიტალის ბაზარზე წვდომა გაურთულდეთ და რუსულ ეკონომიკას დარტყმა მიადგეს. ამგვარად აშშ მოსკოვს იმის გამო სჯის, რომ რუსეთი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას.

”სერიოზული სანქციები, რომელიც დღეს შემოგვაქვს, მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ რუსეთზე დამატებითი ზეწოლა, მათ შორის პუტინის გარემოცვაზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინაში. ჩვენ ვწყვეტთ გარკვეული ტვირთისა და ტექნოლოგიის ექსპორტს რუსული ენერგეტიკული სექტორისთვის. ჩვენ ჩვენს სანქციებს ვავრცელებთ სხვა რუსულ ბანკებსა და თავდაცვის კომპანიებზე. ვყინავთ კრედიტებს, რომელიც უზრუნველყოფდა რუსეთში ტვირთის ექსპორტს, ასევე ვყინავთ რუსეთში ეკონომიკური განვითარების პროექტების დაფინანსებას”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ადრე აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ორგანიზაციების სიაში, რომელთაც სანქციები შეეხოთ, კიდევ სამი ბანკი შეიტანა - ”როსსელხოზბანკი”, ”ვითიბი” და ”ბანკ მოსკვი”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს ახალი ცივი ომის დაწყებას, ობამამ ერთმნიშვნელოვნად უპასუხა, რომ - არა. ”ეს არ არის ახალი ცივი ომი. ეს არის ძალიან კონკრეტული ზომა, რომელიც ეხება რუსეთის სურვილს არ აღიაროს უკრაინის უფლება, რომ უკრაინამ თავად აირჩიოს გზა”,- აღნიშნა ობამამ.

რუსეთის მხრიდან, ობამას განცხადებაზე პირველი კომენტარი Twitter-ზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი როგოზინმა გააკეთა. ”ობამას გადაწყვეტილება სანქციები დაუწესოს რუსეთის გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციას, ნიშანია იმის, რომ რუსული სამხედრო ხომალდების წარმოება რუსეთის მტრებისთვის პრობლემა ხდება”,- დაწერა როგოზინმა.