ხუდონჰესი სახელმწიფოს უბრუნდება?!

პროექტში ცვლილება თუ შევიდა, არანაირი პრობლემა აღარ იარსებებსროგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ხუდონჰესის პროექტის განხორციელება სახელმწიფომ, შესაძლოა, საკუთარ თავზე აიღოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, სამომავლოდ ეს სავსებით შესაძლებელია. ხუდონჰესის სახელმწიფოს მიერ აშენების ინიციატივას დადებითად აფასებენ ექსპერტები, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის პროექტი, რომელიც დღეს არსებობს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში, ჰესს სახელმწიფო ააშენებს თუ კერძო კომპანია, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ხუდონჰესის პროექტის სახელმწიფოს მიერ შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განცხადება წინა კვირას, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა.

”ხუდონჰესი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკება გვაქვს ინვესტორ კომპანიასთან და არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ ამ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს”, -აღნიშნა კალაძემ.

მინისტრის ამ პოზიციას ექსპერტი ენერგეტიკულ და ბიოლოგიურ საკითხებში არჩილ ქავთარაძე დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ მოქმედი პროექტი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჰესი, შესაძლოა, იმ პროექტით აშენდეს, რომელიც 2004 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა, თუმცა შემდეგ რატომღაც შეჩერდა.

”კახა კალაძის ინიციატივა მისასალმებელია და თუ ეს მართლა ასე მოხდა, ის მხოლოდ ხუდონჰესს არ უნდა შეეხოს, ჰესების აშენება სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს. ჰიდრორესურსების გასხვისების არგუმენტად იმის მოყვანა, რომ სახელმწიფოს ამ რესურსების ასათვისებლად ფული არ აქვს და ვერც მოიძიებს, სუსტი არგუმენტია. ვინაიდან ჰიდროენერგეტიკა ყველაზე მიმზიდველ და დაბალი რისკების მქონე საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს. ჰესების მშენებლობისთვის სახსრების მოძიება, როდესაც არსებობს იმის სრული გარანტია, რომ მათი ამუშავების შემდეგ მიღებული მოგებიდან მოხდება ვალის დაფარვა, სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს”, - აცხადებს ქავთარაძე.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ჰიდრორესურსების მარაგის მხრივ მეორე ადგილი უკავია ევროპაში, ნორვეგიის შემდეგ. ამ ქვეყანას უკვე ათვისებული აქვს თავისი ჰიდრორესურსების 80% და სწორედ ამით არის განპირობებული მისი თვალსაჩინო ეკონომიკური პროგრესი და სტაბილურობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ჰიდრორესურსების მარაგის მხოლოდ 10%-ია ათვისებული, ცხადი გახდება ჰიდროენერგეტიკის განვითარების რამდენად დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას. სწორედ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზეა ბევრად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ფინანსური სტაბილურობა.

ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჰიდრორესურსების ათვისება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ინტერესი ამ პრობლემის მიმართ მხოლოდ ეკოლოგიური კუთხით იფარგლება, ხოლო ეკონომიკური მხარე ყურადღების გარეშე რჩება.

”რაც შეეხება ხუდონჰესს, ის უნდა აშენდეს. გარდა იმისა, რომ მისი აშენებით ქვეყნის ენერგოპოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მას სხვა დანიშნულებაც გააჩნია. კერძოდ, ქვეყნის ჰიდრორესურსების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჰიდროენერგეტიკის შემდგომი განვითარება მოხდება მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ხარჯზე, რომლებიც გაერთიანებულნი იქნებიან ერთიანი ელექტროსისტემის მეშვეობით.

ერთიანი ელექტროსისტემის გამართული მუშაობისათვის აუცილებელია, რომ არსებული ჰიდროელექტროსადგურების საერთო სიმძლავრის 15-20% მოდიოდეს დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურების ხარჯზე, რომელთაც ამ სისტემაში ექნებათ მარეგულირებლის, კერძოდ, მაღალი ძაბვის, სიხშირის და ერთიანი სისტემის საერთო სიმძლავრის მარეგულირებლის ფუნქცია. ეს გარემოებაც მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ხუდონჰესის მესაკუთრე აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო”,-აცხადებს ქავთარაძე.

აქვე ექსპერტს სხვა ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს, სადაც ბუნებრივი რესურსების დიდი ნაწილი დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა. მისი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ნორვეგიის გამოცდილება, რომელიც კლასიკურ ჰიდროენერგეტიკულ ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანაში მოქმედებს 24 ათასი მეგავატი სიმძლავრის 826 ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც წლიურად გამოიმუშავებს, საშუალოდ, 18 ათას მგვტ-ს საათში.

ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურების 55% რეგიონული მუნიციპალიტეტების საკუთრებაა, 30% ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანია ”სტატკრაბტს” და მხოლოდ 15%-ია კერძო საკუთრება. ქვეყნის ერთიანი ელექტროსისტემა ეკუთვნის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ კომპანია ”სტატნეტს”.

”ნორვეგიის კანონმდებლობით, ქვეყნის ჰიდროენერგორესურსები ნაციონალურ სიმდიდრედ არის გამოცხადებული და უცხოელ კომპანიებს ეკრძალებათ ამ სფეროში მოღვაწეობა. ცხადია, ნორვეგიას ვერავინ დასწამებს, რომ ის კერძო საკუთრების ან საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგ გამოდის. მათი გადაწყვეტილება - ქვეყნის ჰიდრორესურსების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა - გამომდინარეობს მხოლოდ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან.

ჩნდება კითხვა, თუ ნორვეგიის ჰიდროენერგორესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა და უცხოელებს ეკრძალებათ ამ სფეროში მოღვაწეობა, თუ რუსეთის მთავარ ბუნებრივ რესურსებს (როგორიცაა ნავთობი და გაზი) სახელმწიფო კომპანიები განკარგავს, თუ აზერბაიჯანის მთავარი ბუნებრივი რესურსები - ნავთობის და გაზის საბადოები - სახელმწიფოს ხელშია, ჩვენი მთავარი ბუნებრივი რესურსი, როგორიცაა ქვეყნის ჰიდრორესურსები, რატომ არ უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება? ელექტროენერგიის წარმოებით მიღებული შემოსავალი რატომ არ უნდა გახდეს ქვეყნის ბიუჯეტის სტაბილური შემოსავლის წყარო?”,- კითხვას სვამს ექსპერტი.

მისივე აზრით, ჰიდროენერგეტიკა თავისი ერთიანი ელექტროსისტემით, წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას, ვინაიდან მასში შემავალ ცალკეულ ობიექტებს შორის კორპორაციული კავშირის გარეშე მთლიანი სისტემის გამართული მუშაობა შეუძლებელია. შესაბამისად, როგორც ქავთარაძე ამბობს, კოოპერირება გარდაუვალია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ენერგეტიკის სფეროში კერძო ბუნებრივი მონოპოლიის არსებობა თითქმის გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის შესაძლებლობას. მაგალითად, ნორვეგია თავისი ელექტროენერგიის 70%-ის ექსპორტს რომ ახდენდეს, ვერ განავითარებდა ქვეყნის ისეთ ძირითად დარგს, როგორსაც ელექტრომეტალურგია წარმოადგენს.

”აუცილებელია, შეიქმნას ჰიდროენერგეტიკის სახელმწიფო კომპანია, რომლის განკარგულებაშიც ქვეყნის მთელი ჰიდრორესურსების მარაგი შევა. ამასთან, აუცილებელია შემუშავდეს ჰიდროენერგეტიკის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და მასთან მჭიდრო კავშირში ქვეყნის მრეწველობისა და ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. სანამ არ იქნება მიღებული ეს კონცეფცია, რომელსაც კანონის ძალა ექნება, უნდა შეწყდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი”,- დასძინა ქავთარაძემ.

ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი კი თვლის, რომ თუ პროექტი არ შეიცვალა, ხუდონჰესს სახელმწიფო ააშენებს თუ კერძო კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს.

”თუ პროექტი არ შეიცვალა, თუ ხალხის გადასახლება მოხდა, განსხვავებას, ვინ ააშენებს ჰესს - სახელმწიფო თუ ინვესტორი - ვერ ვხედავ. პროექტის შეცვლის გარეშე ხალხის პოზიცია არ შეიცვლება. პრინციპი ასეთია - მოსახლეობის გადასახლება არ უნდა მოხდეს, ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა დაზარალდეს. არსებული პროექტის შემთხვევაში, ისევ დაიწყება ჭიდაობა, ალბათ ისევ ძალისმიერი მეთოდებით იმუშავებენ, რაც ნამდვილად კარგი არ არის და შედეგიც კარგი არ იქნება”,- განუცხადა ”რეზონანსს” მირონ ფირცხელანმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”