სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები 2015 წლის აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" გენერალურ დირექტორთან, უჩა ძოძუაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების აღდგენა და გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

მისი თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების აქტიური გამოყენებით სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირებაა შესაძლებელი და შესაბამისად, ამ მიმართულებით გლეხი დაზღვეულია რისკებისგან.

"დელტას" გენერალურმა დირექტორმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებზე ცენტრში მიმდინარე მუშაობის დეტალები გააცნო.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები 2015 წლის აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და სრულად დაფარავს კახეთის რეგიონს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი სისტემის გამოყენება ეკოლოგიასა და კლიმატს საფრთხეს არ უქმნის.