ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილის გატანა გართულდეს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს.

როგორც აბაშიძემ "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, განსაკუთრებულ ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებაში "რაღაც პოლიტიკური ელემენტი" არსებობს.

"ბოლო ხანს რუსეთმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები უკრაინასთან მიმართებაში, გაამკაცრა სავაჭრო კავშირები მოლდოვასთანაც. ასე რომ, მოსალოდნელი იყო იგივე ჩვენთან მიმართებაშიც და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდით. როდესაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მივდიოდით, პარალელურად ვაანალიზებდით იმას, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ასეთ ალბათობას ვუშვებდით, თუმცა არა მგონია, ეს ტრაგედია ან დიდი ტრავმა იყოს. ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, იქ თამაშის წესები არსებობს და ვიცხოვრებთ ამ წესების მიხედვით. ალბათ, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი გაძვირდება, რაღაცა უფრო რთული გასატანი იქნება - შეიძლება რაღაც მეტად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ ამას, როცა გვინდა, ვიყოთ ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, თუკი 1994 წელს დაწესებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გადაიხედება, ვივაჭრებთ "ჩვეულებრივად" ისე, როგორც რუსეთთან ვაჭრობს ძალიან ბევრი ქვეყანა.

"ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვეულებრივი სავაჭრო რეჟიმი აქვს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებით ვაჭრობენ. ასე ვივაჭრებთ ჩვენც. შეიძლება, ჩვენმა ბიზნესმა გარკვეული ზარალი განიცადოს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი გათვლები ისეთია, რომ განსაკუთრებულ ტრაგედიას არ უნდა ველოდეთ – ციფრები დიდი არ არის, მილიარდებზე და ასობით მილიონზე საუბარი არ არის", - აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.