გერინგისა და პუტინის ღვინის კოლექცია მოლდოვაში ინახება

ევროკავშირთან დაახლოების გზას მხოლოდ უკრაინა არ ადგას - ბრიუსელისკენ მოლდოვამაც პირი იბრუნა.

ამას რუსეთმა რიგი აკრძალვებით უპასუხა. აკრძალვებმა მოლდოველი მეღვინეები დააზარალა, რომელთაც მდიდარი და დამაინტრიგებელი წარსული აქვთ.

მოლდოვას სოფლის მეურნეობა პატარა ფერმებზე და გლეხების მძიმე შრომაზე დგას, რომელსაც მათთვის დიდი მოგება არ მოაქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის და მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მომენტიდან, ის ევროპაში ყოველთვის უღარიბესი ქვეყანა იყო.

თუმცა, მოლდოვას აქვს პროდუქტი, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი უკავშირდება - ეს არის ყურძენი. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი სწორედ ვენახებს უჭირავს.

საკვირველია, მაგრამ ეს ყველასგან დავიწყებული ქვეყანა, სადაც დაახლოებით 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ყოველთვის შედიოდა ღვინის ექსპორტის მხრივ მსოფლიო ათეულში.

მოლდოველი მეღვინეების ზურგზე დიდწილად დგას ქვეყნის ეკონომიკა. ადრე, საქმე ამგვარად იდგა, თუმცა გასულ წელს გაყიდვების მაჩვენებელი დაეცა - ისევე როგორც ღვინის მწარმოებლების განწყობა. ამის მიზეზი კი, არა ცუდი მოსავალი, არამედ მოსკოვია.

რუსები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აფორმებდნენ სუფრებს მოლდოვური ღვინით. არსად ეს ზრუნვა ისე არ ასახულა, როგორც ღვინის ქალაქ კრიკოვოში. აქ არის ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული ვენახები და ღვინის კომბინატი. მაგრამ, კრიკოვოს მთავარი ღირსება მისი მიწის ქვეშ იმალება.

დაახლოებით 50 წლის წინ საბჭოთა მოლდოვას ხელისუფლებამ ძველი მაღაროები და მიწისქვეშა ბანაკები ღვინის მიწისქვეშა მარნად გადააკეთა. ამ მიწისქვეშა მარანში არსებული ღვინის კოლექცია თავისი მრავალფეროვნებით და სიმდიდრით მსოფლიოში ღვინოების საუკეთესო ნაკრებს გაუწევს მეტოქეობას.

მიწისქვეშა კორიდორის საერთო სიგრძე 113 კმ-ს აღწევს და აქ მილიონზე მეტი ღვინის ბოთლი ინახება.

BBC-ის ჟურნალისტს მიწისქვეშა მარანში გიდობა ბრენდ Cricova-ს დირექტორმა ალექსანდრ ალექსეევმა გაუწია.

”ეს ჰერმან გერინგის პირადი კოლექციაა, რომელიც წითელმა არმიამ 1945 წელს ბერლინის აღებისას წამოიღო”,- ამბობს ალექსეევი. მისივე თქმით, ამ მარანში თითო ბოთლის ღირებულება 15 000 ფუნტია, სულ კი ასეთი 129 ბოთლია.

მაგრამ, დღესდღეობით ალექსეევს ჰერმან გერინგის ღვინო არ აღელვებს, მას ვლადიმერ პუტინის ღვინის კოლექცია აფიქრებს, რომელიც მარანში ინახება. ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ღვინის კომბინატს სტუმრობს, პერსონალურ კოლექციას იღებს. პუტინის კოლექცია სხვებთან შედარებით უფრო დიდია.

”ის აქ რამდენჯერმე იყო. მოსწონს ეს ადგილი, აქ თავისი 50 წლის იუბილეც კი აღნიშნა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ყველაფერი ძალიან შეიცვალა”,- ამბობს ალექსეევი.

რუსეთის მიერ მოლდოვური ღვინის სიყვარული სამწუხარო ფინალამდე მივიდა. პუტინი აღაშფოთა კიშინიოვის გადაწყვეტილებამ - დაახლოებოდა ევროკავშირს და ბრძანა რუსეთში მოლდოვური ღვინის იმპორტი აეკრძალათ.

”ეს ცივი შხაპივით იყო, ჩვენ ექსპორტის 30% დავკარგეთ, მაგრამ ამით კარგი გაკვეთილიც მივიღეთ. ჩვენ გვჭირდება ახალი ბაზრები ევროპაში, აშშ-ში,  ჩინეთში. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის იმედი გვქონდეს”,- ამბობს ალექსეევი.

ახლა მოლდოვას პროდასავლური ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. როდესაც პუტინი რუსეთის გავლენების აღდგენაზე საუბრობს, ის კიშინიოვს ისეთივე სიგნალს უგზავნის, როგორსაც კიევს.

კრიკოვოს მეღვინეებმა კარგად იციან, რომ რუსეთი დღემდე ფლობს მართვის სადავეებს მიწებზე, რომელთაც ადრე განკარგავდა. ღვინის ემბარგო იყო პირველი ზალპი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრობა არ გაგრძელდება.