რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება

”არ უნდა ვიყოთ ილუზიებში და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ შედეგები იქნება ფინანსურად არასასურველი”

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთი აუცილებლად მიმართავდა ნაცად ხერხს და საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს აამოქმედებდა. შედეგმაც არ დააყოვნა და ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს აჩერებს. როგორი იქნება ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგები? - ამის გარკვევა ეკონომიკის ექსპერტთან, ლევან კალანდაძესთან ვცადეთ.  

- რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეწყვეტის პირობებში, რა კონკრეტულ დარტყმებს უნდა ელოდოს ქართული ეკონომიკა?

- ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ შედეგები იქნება ფინანსურად არასასურველი. ბევრ ქართულ კომპანიას, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული რუსეთის ბაზართან, თავისი საქმიანობის გადახედვა და სტრატეგიის შეცვლა მოუწევს. იქნება გარკვეული ზარალი, მგრამ ეს არ იქნება საქრთველოს ეკონომიკისთვის ფატალური შედეგის მომტანი. რაც შეეხება უშუალოდ, სვაჭრო რეჟიმს, ის პირდაპირ იცვლება. იცვლება დაბეგვრის რეჟიმი, ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული საფასო პოლიტიკასთან. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება, შესაბამისად, შემცირდება მოთხოვნა ამ პროდუქტებზე, რადგან ქართველი მომხმარებელი ფასზე ორიენტირებული მომხმარებელია. ასევე გაუძვირდება ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარს და უნდა ვივარაუდოთ გარკვეული სასაქონლო ნაკადების შეჩერება რუსეთისკენ.

- საქართველოდან ექსპორტირებულ რომელ პროდუქტს შეეხება პირველ ეტაპზე გამკაცრებული საბაჟო პოლიტიკა ?

- ძირითადად, ეს იქნება ღვინო, ჩამოსასხმელი ბრენდი და ის სასაქონლო ჯგუფები, რომლებიც ამ კატეგორიაში შედის.

-ეკონომიკის ექსპერტები  აღნიშნავენ, რომ რუსეთის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ემბარგოს დაწესება იყოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ის განცხადება, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ” გადახედვის და, სავარაუდოდ, შეწყვეტის თაობაზე გააკეთა, მოკლებულია ყველანაირ ეკონომიკურ საფუძველს. ასევე მოკლებულია ეკონომიკურ საფუძველს არგუმენტი იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება გარკვეულ წინააღმდეგობაშია რუსეთ-საქართველოს ”თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან” და რომ ეს შეიძლება გახდეს შემაფერხებელი გარემოება ქართულ-რუსული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისთვის. შესაბამისად, ის არასტაბილური დამოკიდებულება, რაც ამ ფაქტითაც გამოვლინდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ემბარგოს საკითხს, ემბარგო არის საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლის იარაღი, რომელსაც თავისი კანონები აქვს. რუსეთი არის ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ” წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ემბარგოს გამოყენების ფორმა ”ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის” სრულ სამართლებრივ კონტექსტში უნდა ჯდებოდეს. სამართლებრივად, მე ემბარგოს გამოყენების შესაძლებლობას გამოვრიცხავ. თუმცა ეს რუსეთს ხელს არ უშლის სხვა ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს. მაგალითად, 2008 წელს, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ემბარგო არ გამოუყენებია, მაგრამ სანიტარული ნორმების დარღვევის მიზეზით შეუზღუდა საქართველოდან პროდუქტის ექსპორტის განხორციელება რუსეთში. გრძელვადიან პერსპაქტივაში, თუ ამ განცხადებას საფუძვლად პოლიტიკური ტემპერატურა უდევს, და თუ ის უფრო აიწევს, სავარაუდოა, რუსეთის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელება. მაგალითად, ისევ სანიტარული ნორმების შეუსაბამობის გამო ქართული პროდუქციისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

რუსეთის ბაზარზე ქართული, განსაკუთრებით ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული სიმძლავრეები-მეღვინეობა, მევენახეობა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის ალბათ გარკვეულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს და ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

- ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რა კონკრეტული ქმედებების განხორციელება შეუძლია საქართველოს?

- მე არაერთხელ მიმითითებია, რომ აუცილებელია ალტერნატივის მოძებნა. მათ შორის, ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის დარგი არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ ბაზარზე . დივერსიფიკაცია არის ერთადერთი სწორი ალტერნატივა, რომ მოხდეს ამ თემასთან დაკავშირებული რისკების გადანაწილება ალტერნატიული ბაზრების არსებობის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან, ფაქტობრივად, ბაზარი გაიხსნა, მხოლოდ ევროკავშირის ბაზარი ვერ იქნება რუსული ღვინის ბაზრის ჩამანაცვლებელი, მოკლევადიან პერსპექტივაში. აღმოსავლეთის მიმართულებით, ბაზრებზე შეღწევადობის თვალსაზრისით, სახელმწიფოს სასწრაფო ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. თუ სახელმწიფომ კონკრეტული ქმედებები არ განახორციელა, მხოლოდ ბიზნესი ამას ვერ შეძლებს.

- უფრო კონკრეტულად, რომელ ალტერნატიულ ბაზრებზე შეიძლება საუბარი?

- ზოგადად, აღმოსავლეთის ბაზრები, ძალიან საინტერესოა, მაგრამ თავისი პოტენციალის თვალსაზრისით, ჩინეთი ფაქტობრივად უალტერნატივოა.

თამარ კორკოტაშვილი