მიხეილ ჯანელიძე : რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება.

ამის შესახებ ჯანელიძემ ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა რუსეთის მხარესთან, სადაც იყო ასოცირების შეთანხმების თაობაზე საუბარი. მათ საქართველოს მთავრობამ განუმარტა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტს საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე, ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ შეიტყო პრესიდან. არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა და არანაირი კონსულტაცია ამ საკითხზე არ ყოფილა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული პროექტი იქნება მიღებული რუსეთის მთავრობის მიერ და შეჩერდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, რასაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით თავისი პროცედურები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი აიკრძალება რუსეთში.

"თუმცა, ეს გამოიწვევს საქართველოში წარმოებულ რიგ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის დაწესებას, რომელიც არ იქნება 20%-ზე მეტი. ეს არის მაქსიმალური ტარიფი, რომელიც შეთანხმებული აქვს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე კვლავ გაგრძელდება და არ შეუქმნის განსაკუთრებულ პრობლემებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.