ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან გვექნება ვაჭრობა ისე, როგორც ვაჭრობს ყველა სხვა

რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილების საკითხზე ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"კონტაქტი უკვე გვქონდა, ამის თაობაზე გუშინ ვესაუბრე რუს კოლეგას და ალბათ, ახლო მომავალში გვექნება სრული წარმოდგენა, რა და როგორ იქნება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება რუსეთში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს, აბაშიძის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ საქართველო არ არის საბაჟო კავშირის წევრი.

"საკითხი დგას ასე: იმ ქვეყნებისთვის, ვინც არიან საბაჟო კავშირში, რუსეთი ინარჩუნებს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს, ხოლო ყველა სხვა ქვეყანასთან ექნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები და რეგულაციების მიხედვით ვაჭრობა. ასეთი მიდგომაა, ჩვენ არც საბაჟო კავშირში ვართ და არც დსთ-ში, ამიტომ რუსეთთან გვექნება ვაჭრობა ისე, როგორც ვაჭრობს ყველა სხვა", - აღნიშნა აბაშიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, კონსულტაციების საფუძველზე გაირკვევა, რა ვადაში ფიქრობს რუსეთი შეთანხმების შეწყვეტას.

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.