აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდა

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა.

არსებული ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება. თუმცა მოქალაქეები, რომლებიც ამ მიზეზით საზღვარზე რა გაატარეს, ეჭვობენ, რომ შეზღუდვების რეალური მიზეზი ბაქოში გუშინ მომხდარი ინციდენტია.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას ჩხუბი მოხდა. მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, მათ შორის - ჟურნალისტებიც. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

თუმცა, ქართული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე დაწესებულ შეზღუდვას საჩხერის "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას არ უკავშირებს. როგორც ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტზე დაყრდნობით განუცხადა, აღნიშნული აზერბაიჯანში მიღებულ კანონს უკავშირდება.

"როგორც შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტი გვეუბნება, საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აზერბაიჯანის მიერ მიღებულ კანონს. ეს კანონი კარგა ხანია მიღებულია, დაანონსებულიც იყო, რომ პირველი აგვისტოდან იქნება შეზღუდვა", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. მისივე ინფორმაციით, იმ ავტომანქანებს, რომლებიც აღნიშნული კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საზღვარზე არანაირი შეზღუდვა არ ექნება.