პირველკლასელები კომპანია ACER-ის კომპიუტერებს მიიღებენ

პირველკლასელები წელს კომპანია ACER-ის მიერ დამზადებულ კომპიუტერებს მიიღებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს პირველკლასელთათვის განკუთვნილი კომპიუტერების ნიმუში წარუგინა და იმ მახასიათებლებზე ესაუბრა, რომლებიც წინამორბედი კომპიუტერებისგან გაუმჯობესებული და გამორჩეულია.

წელს პირველკლასელებისთვის 46 ათას ცალ პორტატულ კომპიუტერს კომპანია UGT-ი შეიძენს. მინისტრის თქმით, ახალი კომპიუტერი არის მაღალი ხარისხის, აკმაყოფილებს მოთხოვნილ სპეციფიკებს და არ გააჩნია არავითარი წუნი, რასაც ადასტურებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკნა.

"ის ძირითადი მახასიათებლები, რითაც ახალი მოდელი წინამორბედებისგან გამოირჩევა, არის წონა, ეკრანი, გამოსახულება, ეკრანის გარჩევადობა; რეზოლუცია დაახლოებით 40%-ით არის გაუმჯობესებული, პროცესორი 2-ჯერ უფრო მძლავრი აქვს, ვიდრე მის წინამორბედს, ჩაწერილია უახლესი ოპერაციული სისტემა, ელემენტი დაახლოებით 7-8 საათი ძლებს", - განმარტა თამარ სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი კომპიუტერის წონა შემცირებულია მაქსიმუმ 250 გრამით და სატარებლად გაცილებით მოსახერხებელია. მოდელს უსაფრთხოების მიზნით მომრგვალებული აქვს კუთხეები. კომპიუტერს არ ჭირდება ქულერი, შესაბამისად, მუშაობს უხმაუროდ.

ამასთან, მინისტრის თქმით, კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე, მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკოსერტიფიკატები უვნებლობაზე, აქვს ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.

როგორც თამარ სანიკიძემ განმარტა, 2014 წელს შესყიდვა განხორციელდა ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, მთავრობის დადგენილებით. ერთეულის ფასი 388 ლარია, კომპიუტერის ეკრანის ზედა მხარე ცისფერია, მისი კორპუსი შავია, ნოუთბუქზე ქართულად არის დატანილი წარწერები. პირველკლასელთა სასწავლო კომპიუტერებში ჩაწერილი იქნება საგანმანათლებლო ინტერაქტიული კომპიუტერული თამაშები, სავარჯიშოები, 50 განსხვავებული აქტივობა სხვადასხვა საგანში.