შვეიცარიის საელჩო ხელმეორე გადამუშავებისთვის ნარჩენების შეგროვებას იწყებს

შვეიცარიის საელჩომ გადაწყვიტა, დაიწყოს ნარჩენების შეგროვება ხელმეორე გადამუშავებისათვის, არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის Coop Georgia მეშვეობით.

"გარემო წარმოადგენს ძვირფას რესურსს, რომელსაც შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. 2011 წლის დეკემბერში, ორგანიზაციის ENVSEC ინიციატივით, (რომელიც ასოცირებულ პარტნიორებად შემდეგ ორგანიზაციებს აერთიანებს: UNDP, UNEP, UNECE, OSCE, REC და NATO) ორგანიზაციამ "Geo Cities Tbilisi" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა თბილისში აღწევს 850 ტონას დღეში და 350 000 ტონას წელიწადში. ეს დაახლოებით უდრის 273.75 კილოგრამს ერთ სულზე ერთ წელიწადში. მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების ზრდასთან ერთად ნარჩენების რაოდენობა სავარაუდოდ, მოიმატებს 2.25%-ით წელიწადში. ევროპისგან განსხვავებით, თბილისში არ არსებობს ნარჩენების ორგანიზებული, დახარისხებული შეგროვების პრაქტიკა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელსაც სურდა ხალხისა და საქართველოს გარემოს სასარგებლოდ ეს ინიციატივა განეხორციელებინა, 2012 წელს შექმნა კოოპერატიული ბიზნესი Coop Georgia. ეს ორგანიზაცია მისი წევრებისაგან აგროვებს მინას, ქაღალდს, მუყაოს, პლასტიკატის და თუნუქის ნაწარმს და შემდეგ აგზავნის მათ რეგიონებში მდებარე რამდენიმე საწარმოში ხელმეორე გადამუშავებისა და გამოყენებისათვის. "Coop Georgia" არ არის მოგებაზე ორიენტირებული, იგი მიღებულ სარგებელს ხელმეორედ აბანდებს გარემოს დაცვის სხვადასხვა ღონისძიებებში", - ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დღესდღეობით პროექტში რამდენიმე საელჩო და თბილისის 45 რესტორანი მონაწილეობს. შვეიცარიის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებსა და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, გახდნენ Coop Georgia-ს წევრები და დაიწყონ ნარჩენების შეგროვება ხელმეორე გადამუშავებისათვის.