ბათუმში ფორუმი "Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი" გაიხსნება

ბათუმში პირველი საერთაშორისო ფორუმი "Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი" 24 სექტემბერს დაიწყებს მუშაობას.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საერთაშორისო საინფორმაციო-საფასო სააგენტო Argus Media აცხადებს რეგისტრაციის დაწყებას საერთაშორისო ფორუმზე "Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი ", რომელიც 24-25 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან წარმომადგენლები ნავთობისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური მსხვილი კომპანიებიდან, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან და ასევე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უზბეკეთიდან, ავღანეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთისა და სხვა ქვეყნებიდან.

ძირითადი თემები: აზერბაიჯან-საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივები: ახალი ალტერნატივები; სატრანსპორტო ლოგისტიკა და სატარიფო პოლიტიკა - კასპიიდან შავ ზღვისპირეთამდე, ცენტრალური აზიიდან ევროპამდე; თხევადი ნავთობისა და მშრალი ტვირთნაკადის შეფასება; სატრანსპორტო ჰაბების ახალი რეგიონალური პროექტები; მისასალმებელი სიტყვით გამოვა წარმომადგენელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან.

კონფერენციის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, ყველა მონაწილე გაემგზავრება ექსკურსიაზე საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ძირითად ნავთობტერმინალებზე.