დამსვენებელი გუდაურსა და ბაკურიანში ერთი ბილეთით ისარგებლებს

რამდენიმე სიახლე მთაში დასვენების მოყვარულთათვის

არის ხალხი, რომელსაც ხმაურიან კურორტზე დასვენება ნაკლებად ხიბლავს და ურჩევნია შვებულება სადმე, მშვიდ, განმარტოებულ ადგილას გაატაროს. უმეტესწილად ასეთები მთის კურორტებს ეტანებიან, სადაც სიჩუმე, სიმყუდროვე და ლამაზი ბუნებაა.

bpn.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამჟამად გუდაურსა და ბაკურიანში, როგორ ხვდებიან იქ ტურისტებს... ამ თემაზე სასაუბროდ ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელს, ალექსანდრე ონოფრიშვილს მივმართეთ.

ალექსანდრე ონოფრიშვილი: ჩვენს ორგანიზაციას ანუ ”გუდაურის განვითარების სააგენტოს” ივლისის დასაწყისში მმართველობაში გადაეცა დიდველის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ბაკურიანთან ახლოსაა, ამიტომ, ორგანიზაციას სახელი გადაერქვა და ახალი სახელი გვაქვს -”მთის კურორტების განვითარების” კომპანია. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს კურორტები კიდევ უფრო განავითაროს და რამდენიმე მილიონი ლარი გამოყო ბაკურიანისა და დიდველის განვითარებისათვის.

- რა მდგომარეობაა ახლა გუდაურსა და ბაკურიანში?

- შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად, გუდაურსა და ბაკურიანს ზაფხულის კურორტების სტატუსი მიენიჭა. ახლა უკვე თამამად ვამბობ, რომ ეს ოთხივე სეზონის კურორტებია. გუდაური და ბაკურიანი დამსვენებლებით არის სავსე. ბაკურიანში საბაგიროები ჩართულია ყოველდღიურად, ხოლო გუდაურში - მხოლოდ შაბათ-კვირას. ზაფხულის სეზონი 13 ივლისს გაიხსნა და ამ ერთი თვის განმავლობაში 10 ათასზე მეტი დამსვენებელი გვყავდა. ყველაზე მეტი სტუმარი უკრაინიდან გვყავს, ამას მოსდევს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები, გუდაურში დიდი რაოდენობით ჩამოდიან ისრაელის მოქალაქეებიც. რა თქმა უნდა, უცხოელებთან ერთად ადგილობრივი, ქართველი დამსვენებლებიც გვყავს.

- რას სთავაზობთ თქვენს დამსვენებლებს?

- ველოსიპედებისათვის გავაკეთეთ ახალი ველოტრასები, რომლითაც ყველას შეუძლია ისიამოვნოს. დიდველსა და გუდაურში ძალიან ლამაზი ბუნებაა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელებს. ამიტომაც გვყავდა ამ ერთ თვეში ამდენი სტუმარი, ამასთან, ჩვენც ვცდილობთ ვიზიტორებს ხელი შევუწყოთ: ბაკურიანში უამრავი გასართობია, გადმოგვეცა თანამედროვე, კეთილმოწყობილი კინოთეატრი და ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით. მუშაობს ბევრი ბარი და რესტორანი, რაც შეეხება გუდაურს, ეს უფრო მშვიდი ადგილია, ამიტომ, სულ რამდენიმე რესტორანი და ბარი მუშაობს. განსაკუთრებით მოსახერხებელია ეს კურორტები იმ ადამიანებისათვის, ვინც თბილისშია და სურს ზაფხულის პაპანაქებას შაბათ-კვირას მაინც გაარიდოს თავი. სიმშვიდე და სუფთა ჰაერი ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს, ამიტომ, სასტუმროები დამსვენებლებით არის სავსე. ველოტრასა და კაფე-ბარები დიდველშიც გვაქვს, მაგრამ აქაურობის მთავარი ხიბლი მაინც მშვენიერი ბუნება და ულამაზესი ხედებია. გვყავს სამაშველო სამსახური და დამსვენებელთა უსაფრთხოების ნორმები ყოველმხრივ დაცულია.

-რა ღირს ნომრები სასტუმროებში და როგორ აქირავებენ ბინას?

- სასტუმროებში ნომრის ფასი 35 ლარიდან იწყება და 300-350 ლარამდეც ადის. თუ ძალიან კომფორტული ნომერია, შეიძლება მეტიც ღირდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, ბაკურიანში მაგალითად, ერთი ოთახის ფასი 15 ლარიდან იწყება. ზაფხული თანდათან იწურება, მაგრამ 6-7 ათასამდე სტუმარს კიდევ ველოდებით, ხალხი უწყვეტად მოდის და ვფიქრობთ, რომ ტურისტები კიდევ გვეყოლება. სავარაუდოდ, სეზონს 15 სეტემბრამდე გავაგრძელებთ.

-რა იგეგმება სამომავლოდ, ზამთრის სეზონისათვის?

- პირველი, რასაც ვაპირებთ, არის ის, რომ ერთიანი ბილეთების პოლიტიკა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ დამსვენებელს ჰქონდეს საშუალება, ერთი ბილეთით ისარგებლოს გუდაურშიც და ბაკურიანშიც. დავუშვათ, ადამიანმა შეიძინა ბილეთი ბაკურიანისთვის, მას შეუძლია ისრიალოს გუდაურშიც და ბაკურიანშიც. რასაკვირველია, ეს გავრცელდება ზაფხულის სეზონზეც: ვისაც ველოტრასებით სარგებლობა სურს, ერთი ბილეთით სარგებლობას შეძლებს გუდაურშიც და ბაკურიანშიც. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ქვებისაგან იწმინდება ტრასები, ზოგიერთი მათგანი გავაფართოვეთ, ჩამოყვანილი გვყავს ავსტრიელი პარტნიორები, რომლებმაც ტრასები გაგვირემონტეს. გადაწყვეტილი გვაქვს აღვადგინოთ დიდველის ფუნიკულიორი, რომელიც გათიშულია იმიტომ, რომ დაზიანებულია. ოქტომბერში საბაგიროებს გამოვრთავთ და საფუძვლიან რემონტს დავიწყებთ, რომ ზამთრის სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Gudauri and Bakuriani received the status of summer resorts