ბულგარეთმა ”სამხრეთ ნაკადის” მშენებლობა შეაჩერა

ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ”სამხრეთ ნაკადის” მშენებლობის სამუშაოები ”გაიყინა” მანამ, სანამ პროექტი ევროკომისიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოვა.ამასთან ერთად, როგორც ბულგარეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეჩერებულია ყველა ქმედება, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული, მათ შორის ტენდერებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

ევროკავშირმა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში მოსთხოვა სოფიას გაურკვეველი ვადით შეეჩერებინა გაზსადენის მშენებლობა, რომელმაც სამომავლოდ რუსეთს უნდა მისცეს შესაძლებლობა, ევროპას ბუნებრივი აირი უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, პროექტის იმ ნაწილის დოკუმენტაცია, რომელმაც შავი ზღვის აკვატორიაზე უნდა გაიაროს, არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. ბულგარეთმა კი თავის მხრივ სურვილი გამოთქვა, რომ პროექტის მომავალს ნუ გახდიან უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე დამოკიდებულს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მაინც შეაჩერა ”სამხრეთ ნაკადის” მშენებლობა.

”სამხრეთ ნაკადის” მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და გაზსადენში ბუნებრივი აირის პირველი ნაკადის გაშვება 2015 წლისთვის იგეგმება. გაზსადენის ის ნაწილი, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გადის, ტექნოლოგიურად ყველაზე რთული და კაპიტალტევადია.