მეწარმეებს პროდუქციის მეორადი გადამუშავება დაეკისრებათ

”ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ნარჩენების გადამუშავება საქართველოში ბიზნესად იქცეს”

ალბათ ყველას გვინახავს ჩვენს ქუჩებში, მინდვრებში, ან პლაჟებზე უბოდიშოდ დაყრილი ნარჩენები, შუშის ბოთლები, პოლიეთილენის პაკეტები... დაგვეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე კარგი სანახავია. იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ნარჩენების კოდექსის მიღებას გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ნარჩენების გადამუშავება და ამ პროცესზე პასუხისმგებლობის გადანაწილება იქნება. სწორედ ამ მიზნით, მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის მეორადი გადამუშავების პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ცვლილებები კომპანიებისათვის მეტისმეტად მტკივნეული რომ არ იყოს, კოდექსის ძირითადი დებულებები ამ წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შევა ძალაში. ალბათ ვერავინ შეგვედავება თუ ვიტყვით, რომ ეს არის კანონი, რომლის მიღებაც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.

bpn.ge პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილს ესაუბრა. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მეწარმის პასუხისმგებლობის ცნება დაავალდებულებს ბიზნესმენს საკუთარი პროდუქცია - კერძოდ, პოლიეთილენის, შუშის, ალუმინის ბოთლები, მეორადად გადაამუშაოს. ცვლილებები ეტაპობრივად შემოვა და 2020 წლისათვის პროექტი უკვე დასრულებული იქნება.

- რატომ გადაწყვიტა ქვეყნის პარლამენტმა ამ ნაბიჯის გადადგმა?

- პარლამენტში უკვე ერთი წელია ვმუშაობთ ნარჩენების მართვის კოდექსზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ. მსგავსი საკანონმდებლო აქტი არასოდეს გვქონია და ძალიან დიდი ჩავარდნა გვქონდა ამ მიმართულებით. არაფერს ვიტყვი მოწინავე ქვეყნებზე, ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიც კი, ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია საკანონმდებლო დონეზეა მოგვარებული. მათგან განსხვავებით, ჩვენ ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს და ეს ჩვენს ყოველდღიურობასაც ეტყობა. ამასთანავე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და ავიღეთ ძალიან ბევრი ვალდებულება, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებითაც. ამიტომ, ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივაც თანდათან უნდა დავუახლოვოთ ევროპულ კანონმდებლობას. საამისოდ პროექტში 5-6-წლიანი ვადაა გაწერილი. ნარჩენების მართვის კოდექსის შემუშავება ემსახურება იმას, რომ არ დაზიანდეს გარემო და არ დაზიანდეს მოსახლეობის ჯანმრთელობა.

- როგორ შეიმუშავეთ კოდექსი და რა სტადიაზეა ამჟამად მისი განხილვა?

- კოდექსი ევროპელი ექსპერტების უშუალო დახმარებით შემუშავდა, განსაკუთრებით ჩვენი გერმანელი კოლეგების დახმარებით. ის განსახილველად უკვე გადაეცა სამთავრობო სტრუქტურებს. დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში მთავრობა ამ უმნიშვნელოვანეს კოდექსს საქართველოს პარლამენეტში შემოიტანს, ამის შემდეგ უკვე პარლამენტი დაიწყებს მის განხილვას და იმედია, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად მივიღებთ კოდექსს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

-ბუნებრივია, კომპანიებს ნარჩენების გადამუშავება ძვირი დაუჯდებათ. ამ პრობლემას რა ეშველება?

- კომპანიები ისეთ ნარჩენებს, როგორიცაა შუშის, პოლიეთილენის ბოთლები, შეაგროვებენ და გადაამუშავებენ ან სხვა, შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს მიაწვდიან. პროცესი გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომაც არის ამხელა ვადა მითითებული ასოცირების ხელშეკრულებაში. ბევრი პროგრესული ცვლილება 2017-2020 წლებში შევა ძალაში, მანამდე კი, ერთგვარი შეგუების პერიოდი იქნება. ამ საქმეში ჩართული იქნება არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობებიც - სწორედ მათზე გადავა ძალიან დიდი ტვირთი ნარჩენების შეგროვებისა და განთავსებისა. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ მეწარმესაც და თვითმმართველობებსაც ეს ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება, ამიტომაც მივეცით დრო. მეწარმეები უნდა მიეჩვიონ, რომ არ დააბინძურონ გარემო და ხელი შეუწყონ მეორადი ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას. ყველა მოწინავე ქვეყანაში ხდება მყარი ნარჩენების ცალ-ცალკე გადამუშავება: შუშისა - ცალკე, პლასტიკატის- ცალკე და რკინის - ცალკე. მეწარმეები ზრუნავენ ნარჩენების ამოღებაზე და სახელმწიფოს ყოველმხრივ ხელს უწყობენ, რომ გარემო იყოს სუფთა. თუ გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა ყველამ არ გადავანაწილეთ, ჩვენ კარგა ხანს ვიცხოვრებთ ისეთივე სანაგვეში, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, ქუჩებში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სიტუაციის გამოსასწორებლად უკვე შენდება რამდენიმე ახალი ნაგავსაყრელი და კოდექსის ამოქმედებასთან ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ნარჩენების გადამუშავება მეწარმეებისათვის შემოსავლის წყაროდ გადავაქციოთ.

-ცნობილი ფაქტია, რომ ნარჩენების გადამუშავება საკმაოდ წარმატებული და მომგებაინი ბიზნესია ევროპის ქვეყნებში.

-გეთანხმებით, და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ახალი სტადიაა და სიახლე შეიძლება ბევრს აშინებს, მაგრამ ქვეყნის განვითარება ამ მიმართულებით აუცილებელია. შეუძლებელია, ვლაპარაკობდეთ ტურიზმის განვითარებაზე, თუ ქუჩები და პლაჟები მოწესრიგებული არ გვექნება. შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი მდინარეები და წყალსატევები, სადაც ფეკალური მასები ყოველდღე, პირდაპირ წყალში ჩაედინება. განსაკუთრებით დაბინძურებულია შავი ზღვა. საქართველოში არ არსებობს არც ერთი ბიოგამწმენდი ნაგებობა. სააკაშვილის მთავრობას ამისათვის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ჩვენ ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ევროპული კონვენციების შესაბამისი იქნება. საქართველოს ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს აღებული და ეს მხოლოდ მელანი არ არის ქაღალდზე გადატანილი. თუ გარემოსდაცვითი ღონისძიებები არ ჩატარდება, ეს ქვეყანა ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამს ევროკავშირისაკენ. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ თბილისს - ამხელა ქალაქს - ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა არა აქვს? ასევეა ბათუმი, ფოთი, ანაკლია და ძალიან ბევრი ქალაქი, რომელიც მდინარეებთან, ტბებთან და ზღვასთან ახლოს მდებარეობს. ეს ამძიმებს ეკოლოგიურ ფონს ქვეყანაში. ჩვენ განსხვავებული თამაშის წესებს არავის ვთავაზობთ, რადგან ყველა კომპანიამ იცის, რომ მათი ანალოგები უცხოეთში სწორედ ასე მუშაობენ. მომეტებული პასუხისმგებლობა ეკოლოგიის წინაშე - ეს უნდა იყოს ქართველი მეწარმის სამარკო ნიშანი, ისევე როგორც არის ჩეხი, ბულგარელი, ან რუმინელი მეწარმის შემთხვევაში, არაფერს ვამბობ ფრანგზე, იტალიელზე და ინგლისელზე. დიახ, ნარჩენების გადამუშავება დასავლეთის ქვეყნებში სერიოზული შემოსავლის წყაროა: შესაფუთი ნაწარმის უდიდესი ნაწილი მოწინავე ქვეყნებში სწორედ მეორადი ნაწარმის გადამუშავების შედეგად არის მიღებული. მუყაოს ყუთები, რკინის ქილები, შუშის ბოთლები - ეს ყველაფერი მეორადი გადამუშავების ნაყოფია. მესმის, რომ პირველ ეტაპზე ეს ძნელად მისაღებია, ამიტომაც შევხვდით მეწარმეებს და ავუხსენით, რომ ამ საქმეში თანამებრძოლები უნდა გავხდეთ. მეწარმეებიც უნდა მიეჩვიონ ბრძოლას ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის. სასწორის ერთ პინაზე ჩვენი ჯანმრთელობა დევს, მეორეზე კი- ის თანხა, რომელიც არსებული მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება. ვფიქრობ, ჯანმრთელობა ადამიანისთვის ყოველგვარ სიმდიდრეზე უფრო ძვირფასია.

ხათუნა ჩიგოგიძე