საქართველოში ხორცის წარმოება შემცირდა

2014 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხორცის წარმოება 17,3%-ით შემცირდა.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 2007 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივი ხორცის წარმოების მაჩვენებელი მუდმივად ქვევით მიიწევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ წელს სტატისტიკამ მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის ზრდა დააფიქსირა. ამასთანავე, შემცირებულია ღორის სულადობრივი მაჩვენებელი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მე-2 კვარტალის ბოლოსათვის ღორის სულადობრივი მაჩვენებელი 34.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში საქართველოში 210 ათასი სული ღორია აღრიცხული. შარშან კი სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 321 ათასი ღორი აღწერა და ეს იყო ყველაზე დიდი მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ღორებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკოსების ინფორმაციით, წელს მე-2 კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 389 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მე-2 კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.6 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობრივი მაჩვენებელი 641 ათასია, ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5 პროცენტით გაიზარდა და 1 156 ათას სულს მიაღწია.

2014 წლის მე-2 კვარტალში ასევე გაზრდილია ფრინველის რაოდენობა, სულ საქართველოში 12 133 ათასი ფრთა ფრინველია, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის კვარტალის მაჩვენებელს. კვერცხის წარმოება 144.6 მილიონი ცალია, რაც წინა წლის ამავე კვარტალის მაჩვენებელს 9.4 პროცენტით აღემატება. წინასწარი მონაცემებით, მე-2 კვარტალში 5.9 პროცენტით გაიზარდა რძის წარმოება და 221.7 მილიონი ლიტრი შეადგინა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხორცის წარმოება 9.1 ათასი ტონა იყო, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3 პროცენტით ნაკლებია. სხვათა შორის, 2007 წლის შემდეგ ხორცის წარმოება მუდმივად მცირდება, გამონაკლისი შარშანდელი წელი იყო, როდესაც წარმოების დაცემის ტენდენცია დროებით შეჩერდა. 2007 წელს ხორცის წარმოებამ 16,7 ათასი ტონა შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2012 წლამდე 9,5 ათას ტონამდე შემცირდა. 2013 წელს წარმოება 11 ათას ტონამდე გაიზარდა, თუმცა წელს ორი კვარტლის მონაცემებით, ჯერჯერობით, ტენდენცია ასევე გაუარესებულია.

სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია 1,7 მილიონი რქოსანი პირუტყვის ყოლა. ასევე აქვს შესაძლებლობა, იყოლიოს 35-40 მილიონი ფრთა ქათამი, რაც მოხსნის ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.

”მდგომარეობა ძალიან მძიმეა”, - ასკვნის ექსპერტი. მისი განმარტებით, საქართველოში არის შესაძლებლობა, ზამთრაში შევინახოთ 1,5 მილიონი სული ცხვარი, ხოლო ზაფხულში შეგვიძლია გვყავდეს 2,5 მილიონი.

”თუ მივაღწევთ და საქართველოში მეცხოველეობის დარგს ამ ციფრებამდე ავიყვანთ, არ იქნება საფრთხე. ექსპორტი უმნიშვნელოა. მის საწარმოებლად, ვთქვათ, მეცხვარეობის დარგში, აუცილებელია სელექციური საჯიშე მეცხვარეობის განვითარება. ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაწყდეს. ამასთან, უნდა დაიხვეწოს და მივიღოთ რაციონალური ვეტერინარული სამსახური, რის გარეშეც არაფერი გამოვა. აქტიური მუშაობაა გასაწევი ფერმერებთან, რომ დავაინტერესოთ ისინი ამ დარგის მიღწევებით”, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

მისი ინფორმაციით, გვაქვს ახალი მეთოდები, რომლის გამოყენება ხელს შეუწყობს სერიოზული თანხის დაზოგვასა და რაოდენობის ზრდას. მაგალითად, არის ახალი საკვები პრეპარატები, რომლებიც მიღებულია ქართველი სპეციალისტების მიერ და 1 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე 20 შეკვრა თივას ზოგავს. მისი ღირბულება, დაახლოებით, 80 ლარია, ანუ თუ ფერმერი დახარჯავს ახალ პრეპარატზე 20 ლარს, მიიღებს გაცილებით მეტი რაოდენობისა და ხარისხის პროდუქტს.

”ქართული ბაზრიდან ადგილობრივ ხორცს ვდევნით. სამაგიეროდ, ბლომად შემოვიდა იმპორტირებული საეჭვო წარმოშობის ნაწარმი. შეიძლება, არ გვწამლავდეს, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო თავის მოსახლეობას ასეთ ხორცს არ აჭმევს. არადა, მესაქონლეობის განვითარების ყველა პირობა გვაქვს”, - ამბობს კოღუაშვილი.

მისი თქმით, ხორცის იმპორტი ხორციელდება ინდოეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ეს არის ტროპიკული ხორცი, რომელიც დაბალი ხარისხისაა და ჩვენი გენეტიკისა და კვების კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”