ზესტაფონსა და ბაღდათში გზების რეაბილიტაციის მონიტორინგი განხორციელდა

ზესტაფონსა და ბაღდათში გზების რეაბილიტაციის მონიტორინგი განხორციელდა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარა-საზანოს მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდა.

"არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, 10-ზე მეტი სოფლის მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდებოდა, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რის შედეგადაც ქვედა საქარა-საზანოს გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. 6 მლნ 500 ათასი ღირებულების სამუშაოები მოიცავს 13.4 კმ მონაკვეთის და 24 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს: ახალი საგზაო საფარის დაგებას, ეზოებში შესასვლელების, ტროტუარების, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოებს", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, რომელთა 50% ადგილობრივი მოსახლეა.

პროექტის განხორციელება 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.