ყაზბეგი-ლარსის საბაჟო დატბორილია

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად ყაზბეგი-ლარსის საბაჟო დატბორილია.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება.

"სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინიტრო და ფინანსთა სამინისტრო. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბაჟო დატბორილია და, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, გამთენიიდან დაიწყება სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ამ ოპერაციას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს", - განაცხადა ხადურმა.

დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემები დაშავებულებისა და დაკარგულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.