გალი ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცა

”აფხაზები ნაგაზებით იცავენ დე ფაქტო საზღვარს”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, არჩევნების წინ გალის საზღვრის ჩაკეტვამ ადგილობრივები ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია. ეს სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასება, ვინაიდან ხალხი ზუგდიდში გადასვლას და პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებს. ამიტომ გალელები მხოლოდ ძვირადღირებულ გალის ბაზარს მიეჯაჭვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბაზარი ოკუპირებულ რაიონში ერთადერთია, მისი ძირითადი კლიენტები რუსი სამხედროები, აფხაზი მილიციელები და სულ რამდენიმე ადგილობრივია. მოსახლეობის უმრავლესობა გალის აგრარულ ბაზარში პროდუქტს სიძვირის გამო არ ყიდულობს. ბაზარი, ძირითადად, რუსეთიდან და სამეგრელოდან (ძირითადად, ზუგდიდიდან) შემოსული პროდუქტით მარაგდება. ერთიც და მეორეც ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ ხალხი საკვების ყიდვას, თუნდაც რისკის ფასად, ზუგდიდში არჩევს.

არჩევნების წინ საზღვრის ჩაკეტვამ ადგილობრივები სერიოზულად დააზარალა. ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკურ ბლოკადაში არიან და, ელემენტარულად, პურის ყიდვა უჭირთ. ფასების ნუსხას თუ გადავხედავთ, ამ ადამიანების გასაჭირს უფრო ადვილად გავიგებთ. გალში უკვე არავის უკვირს, რომ 1 ტომარა შაქრის ფასი 30 ლარამდეა, 600-გრამიანი პური 2 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ. პურის ფქვილის ფასი 6 ლარს აჭარბებს. ძვირია ბოსტნეულიც. კერძოდ, 1 კგ. პომიდორი 2 ლარი ღირს, ამდენივეა კიტრის ფასიც. 1 კგ. ბულგარული წიწაკა 8 ლარამდეა, ამავე მოცულობის კარტოფილი 2,50 ლარად იყიდება. 1 კგ. ხახვი 2 ლარი ღირს, ნივრის ფასი 5-6 ლარის ფარგლებშია.

გალელების თქმით, პროდუქტი, ბოლო რამდენიმე თვეა, უფრო გაუძვირდათ და თხილი რომ არ ეგულებოდეთ, პურის ყიდვასაც ვერ შეძლებდნენ. მიმოსვლა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია გალის ცენტრალურ საზღვარზე, ხოლო ქვედა ზონის ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის ზუგდიდში გადმოსვლა შეუძლებელია. რუსი სამხედროები თუ აქამდე ერთი-ორი საათით ტოვებდნენ ტერიტორიას, ფეხმოუცვლელად დგანან და გადასვლის საშუალებას არავის აძლევენ. ხალხს იმედი აქვს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და მიმოსვლა ცოტათი გაუადვილდებათ.

მოსახლეობის უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. გალებების თქმით, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მთელი თვითაც შესაძლოა ენგური გადაიკეტოს და მოსახლეობას გადასვლა-გადმოსვლის საშუალება არ ექნება.

”ხაჯიმბას პოლიტიკა იქითკენ მიდის, რომ ენგურს გაღმა გადასვლა რაც შეიძლება შეიზღუდოს. აუცილებელია, რამე მექანიზმი შემუშავდეს, როგორც ქართული მხარის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ახლა მარიამობა მოდის და დღესასწაულებზე მოსახლეობა ხშირად გადადის, ამ შესაძლებლობასაც გვისპობენ. ხაჯიმბას უნდა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ელემენტარული ურთიერთობაც აღარ იყოს, ამიტომ ნაგაზებით იცავენ საზღვარს. საზღვართან დიდი სათვალთვალო კამერა დგას, ადამიანი როგორ გადავა, ჩიტის გადაფრენა არ გამოეპარებათ”, - ამობს ოტობაიელი ბექა ბელქანია.

რაც რუსებმა და აფხაზებმა ანქვაბს არ აპატიეს, ქართველებზე აფხაზური პასპორტების გაცემაა. დიდი ალბათობით, პასპორტების გაცემის პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება.

”ჩვენთან ქართველებსაც აფხაზური პასპორტები აქვთ. ამბობენ, რომ გაცემული პასპორტების საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაიხედოს. რაღაც ნაბიჯია გადასადგმელი იმისათვის, რომ ხალხი გალის რაიონში დაცული იყოს, რადგან აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვშიშობთ, რომ აფხაზურ პასპორტებს მასიურად გაგვიუქმებენ. ამ საბუთით, თუ წესრიგში გვქონდა, მიმოსვლა მაინც შეგვეძლო, ახლა ესეც შეგვეზღუდა”, - ამბობს გალში დაბრუნებული დევნილი.

მისი თქმით, ხალხი შიშში ცხოვრობს და გალში დარჩენაც თანდათან აზრს კარგავს. ”სახლიდან წასვლა და აქაურობისგან შორს ყოფნა მიჭირს, არსად არ მაქვს წასასვლელი, თორემ ამ მონურ ცხოვრებას ნამდვილად არ ავირჩევდი. სხვა გამოსავალი არ დამრჩა. ზუგდიდში წვალებით გადავდიოდით, რომ პროდუქტი გვეყიდა, ესეც აგვიკრძალეს. გვაიძულებენ, რომ გალის ბაზარში ვიაროთ, ფული საიდან მოგვაქვს, არავინ გვეკითხება ან გვაქვს თუ არა ამის საშუალება?!” - ამბობს ლეილა ზუხბაია, ნაბაკევის მცხოვრები.

”საზღვართან” შემჩნეულ ადგილობრივს (არ აქვს მნიშვნელობა, მან გადაკვეთა თუ არა ეს ტერიტორია) 60-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევს. საზღვრის გადაკვეთის პირველი შემთხვევა, წესით, ამ თანხით ანაზღაურდება. მეორე შემთხვევა 120 ლარით ჯარიმდება, მაგრამ მესამე უკვე ჯარიმას არ ექვემდებარება და შეიძლება საზღვრის ”უკანონო გადაკვეთა” დაპატიმრებით დასრულდეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი (პირობითად გოდერძი ქ.) ამბობს, რომ საზღვართან ახლოს ცხოვრობს და რუსების მიმოსვლას ყოველდღიურად ადევნებს თვალს. ხედავს იმასაც, როგორ უჭირთ მის თანასოფლელებს ამ მონაკვეთიდან გასვლა-შემოსვლა, როგორ ებმებიან ადამიანები რუსების მახეში და როგორ ცდილობენ ისინი ოკუპანტებისგან თავის დაღწევას.

”ძნელად წარმოსადგენია ის სიტუაცია, რაც აქ ხდება და ყოველდღიურად თვალს ვადევნებ, რუსები გამალებით ცდილობენ საზღვრის გადამკვეთების გამოჭერას. დაგეშილი გერმანული ნაგაზებით დგანან. ზოგჯერ იმალებიან კიდეც, რომ მსხვერპლი გამოიჭირონ. ამ მახეში ბევრი ებმევა. ახლა მხოლოდ სამხედრო მანქანებით დადიან. დღეში 4-5-ჯერ მაინც შემოდიან და ფეხმოუცვლელად დგანან, აქაურობას აკონტროლებენ. ადგილობრივებს ყოველგვარი ტვირთის გადატანა ეკრძალებათ. თხილი, სიმინდი და სხვა პროდუქტი, რის შემოსავალიც სოფლადაა, გასულ წელს ადგილზევე გაიყიდა. ყოფილა შემთხვევა, რომ რამდენიმე ადამიანი ტვირთიანად აიყვანეს. ჯარიმაც გადაახდევინეს და გასაყიდად გამზადებული ჭირნახული ჩამოართვეს. ასეთ პირობებში რისკის გაწევას ყველა ერიდება”,- ამბობს გალში დაბრუნებული გლეხი.

ხალხი თავს, ძირითადად, წვრილი ვაჭრობით ირჩენს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ნებისმიერი ასეთი საქმიანობიდან სარგებელი ”პურის ფულს” ვერ გასცდა და წილში მინიმუმ 3 ადამიანი მაინც უზით.

გალელების თქმით, რაიონი ”რეკეტმა” წალეკა. ”ადრეც იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, გაუგონარია. რეკეტიორებს ”მუქთა ფულის” შოვნის მადა იმდენად გაეხსნათ, რომ უკვე არაფერს და არავის ერიდებიან. საწვავის ბიზნესია, სიგარეტის, თხილის, სიმინდის თუ სხვა პროდუქტის, წილში არიან. ”რეკეტიორობს” ყველა, ვისაც მარიფათი აქვს და ხალხის გაყვლეფა არ ეზარება. საშინელ მდგომარეობაში ვართ. ადრე ერთი კლანი ბოგინობდა და მისი ვინაობა ყველამ იცოდა, ახლა ეს პატარა რაიონი კლანებმა დაიყვეს და კაცმა არ იცის, ვინ ვისი მოყვანილია და ვინ არის - ქურდი, მილიციელი თუ ჩინოვნიკი”, - ამბობს გალელი რ. გითოლენდია.

მთელ სოფელში სულ რამდენიმე ოჯახია, სადაც სიგარეტით ვაჭრობენ. ამ საქმეში ქართველებთან ერთად, აფხაზებიც მონაწილეობენ. გაყიდვაშია ყველა სახის სიგარეტი- უაქციზო ან რუსულაქციზიანი. ის, რაც გამოღმა კონტრაბანდად ითვლება, აქ ჯერ კიდევ ”ბიზნესად” იწოდება.

”ოჯახს წვრილი ვაჭრობით ვარჩენ, უმეტესწილად, სიგარეტი, რომელსაც გალში, ადგილზევე ვიძენ. რუსულაქციზიანიც მომაქვს და უაქციზოც, მესმის, ეს ქართული კანონმდებლობით დანაშაულია, მაგრამ აქაური კანონი უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას არ გვიკრძალავს. მთავარია, ქალაქიდან გასაყიდი ნაწარმი სახლში მშვიდობით მივიტანოთ”, - ამბობს ადგილობრივი მოვაჭრე. მისი თქმით, სამშვიდობოების მანდატს ამოფარებული რუსი ჯარისკაცები აგრესიასაც ვერ ფარავენ. ისინი ნებისმიერ წუთში მზად არიან მოსახლეობის დაწიოკებისთვის, რისთვისაც საზღვართან შემთხვევით მგზავრის შემჩნევაც საკმარისია.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”