ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ "ლარსი ჰესის" ექსპლუატაცია ფაქტობრივად შეუძლებელია

"როგორც მეუბნებიან, შედეგები არის ძალიან ცუდი”

საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ "ლარსი ჰესის" ექპლუატაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.

როგორც ჩხობაძე აცხადებს, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მეწყერის ჩამოწოლამ მოქმედ "ლარსი ჰესს" სერიოზული პრობლემები შეუქმნა. "დარიალჰესის" ზარალი კი დიდი არ არის.

"როგორც მეუბნებიან, შედეგები არის ძალიან ცუდი. ქვედა ნაწილში, მეწყერის ჩამოწოლამ ინერტული მასალით მთლიანად გაავსო "ლარსი ჰესის" სალექარები, ამღებები და "ლარსი ჰესის" ექპლუატაცია ფაქტობრივად შეუძლებელია", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

"ლარსი ჰესი" დაბა ყაზბეგში მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიხსნა.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა ორი ადამიანი. ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა.