რამდენიმე მილიონი დოლარი- ეკონომიკაში წონასწორობის შესანარჩუნებლად?

სებ-ი უცხოური ვალუტის შესყიდვას განაგრძობს

აგვისტო დასვენებისა და განტვირთვის თვეა, თუმცა, ეს პერიოდი მეტად აქტიური აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის: 1 აგვისტოდან მოყოლებული, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესყიდვა რამდენჯერმე განახორციელა და ყოველ ჯერზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, განსაკუთრებული არაფერი ხდება: ეს ჩვეულებრივი სავალუტო ოპერაციებია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ლარის კურსი პერიოდულად ეცემა, მაგრამ მერე ისევ მყარდება, ბოლო ხანებში ლარი გამყარდა და მასზე მოთხოვნაც გაიზარდა, ამიტომაც სებ-მა გადაწყვიტა, რომ აშშ-ის დოლარი შეისყიდოს.

ეკონომიკის ექსპერტ, ვაჟა ბერიძის აზრით, ეს ჩვეული ტაქტიკაა მიმოქცევაში არსებული ლარისა და უცხოური ვალუტის რაოდენობის დასაბალანსებლად.

ვაჟა ბერიძე:"თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკი წინასწარ განსაზღვრავს რისკებს და არსებული სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს, ეს ბუნებრივიცაა. ეროვნული ბანკი იმ ამოცანის შესაბამისად მოქმედებს, რაც დასახული აქვს: ის ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს თანაფარდობა სავალუტო რეზერვებს შორის და შემდეგ საჭირო ნაბიჯებს დგამს. წლევანდელ აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განახორციელა. როგორც ჩანს, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზაფხულია და ქვეყანაში ტურისტების დიდი ნაკადია შემოსული. ტურისტებს კი შემოაქვთ უცხოური ვალუტა, რომელსაც ისინი ჩვენს ქვეყანაში ხარჯავენ, მით უმეტეს, რომ წელს საგრძნობლად მოიმატა სტუმრების რაოდენობამ დსთ-ის სივრციდან, მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ზაფხულის ცხელ სეზონს "კაზანტიპიც" დაემატა, რომელიც ასევე გარკვეული რაოდენობის ვალუტას მოიზიდავს და საქართველოში შემოსული უცხოური ვალუტის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველივე ამან არ უნდა დაარღვიოს სასურველი თანაფარდობა ქვეყნის სავალუტო ბაზარზე, ამიტომ, მსგავსი ქმედება ეროვნული ბანკის მიერ სავსებით მისაღები და აუცილებელია ქვეყნის ეკონიმიკისათვის.

ეს შესყიდვები თავიდან აგვარიდებს პრობლემებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში, ლარის გამყარებას მოჰყვება ხოლმე, ისევე როგორც - მის გაუფასურებას, თუმცა ამ სიტუაციაში ლარის გამყარების ტენდენციაზე ლაპარაკი ნაადრევია. ბოლო თვეებში ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი ხშირად იცვლებოდა უცხოურ ვალუტებთან შეფარდებით. არც განსაკუთრებულ გამყარებას ჰქონია ადგილი და არც - გაუფასურებას და თუ ასე გაგრძელდა, ლარის მერყეობა არსებით გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე ვერ მოახდენს. აქვე უნდა ვაღიაროთ: ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმის მაუწყებელია, რომ ჯერჯერობით ამ ბანკს სიტუაცია ხელში უჭირავს და აკონტროლებს. ეს ცვლილებები მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია დღეს არსებული კურსი ჩვენი ეკონომიკის განვითარების, ექსპორტ-იმპორტის წახალისებისა და ეკონომიკურ პროცესებში სასურველი ბალანსის მიღწევისათვის. ქვეყნის პირველი ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა - ეს არის გააზრებული აქტივობა, რომელიც მიმოქცევაში არსებული ჭარბი დოლარის მასის შემცირებას და ეკონომიკაში წონასწორობის შენარჩუნებას ითვალისწინებს".

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილიც ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი თავის ძირითად ფუნქციებს ასრულებს.

მიხეილ თოქმაჯიშვილი: "სებ-ი ცდილობს ზომიერი ინფლაციაც დაიცვას, ფულიც მიაწოდოს ეკონომიკას და ამასთანავე, ზემოქმედება მოახდინოს ვალუტის კურსსა და საპროცენტო განაკვეთებზე - ეს მისი ძირითადი მოვალეობაა. საქმე ის არის, რომ როდესაც ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ქვეყანაში ჩნდება მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე, ცენტრალურმა ბანკმა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რათა სტიმული მისცეს და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ აქტივობას. ამიტომ ეროვნულ ბანკს სისტემატურად უხდება გათვლა, რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს მუდმივი პროცესია, ამიტომ, როდესაც ეკონომიკას ფული სჭირდება, მისი მიწოდება სწორედ ცენტრალურმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს.

ყოველთვის, როცა უცხოური ინვესტიციები შემოდის და საგარეო ვაჭრობა იზრდება, ქვეყანაში ჭარბი რაოდენობის დოლარი შემოდის, განსაკუთრებით - აგვისტოში, როცა ტურიზმის სეზონია და ქვეყანაში ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს. ამ სიტუაციაში ეროვნულმა ბანკმა აქტიურად უნდა იმუშაოს და მოსახლეობას მიაწოდოს ფულის ის მასა, რომელიც ეკონომიკის განვითარებისათვის სასიცოცხლო და აუცილებელია. უცხოური ვალუტის შესყიდვა სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, მაგრამ უმთავრესი მაინც იმპორტის ზრდა და ტურისტული ნაკადის მატებაა. ასე რომ, ეროვნული ბანკი პერიოდულად შეისყიდის დოლარს, რომ როცა საჭირო იქნება, ეს ვალუტა ისევ ჩადოს ქვეყნის ეკონომიკაში".

როგორ შეიძლება შეიცვალოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ახლო მომავალში ან ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამის პროგნოზი ექსპერტებს უჭირთ, რადგან ეს ბევრ გარემოებაზე დამოკიდებული.

”თუ იმპორტი გაიზრდება, საქართველოში კიდევ შემოვა უცხოური ვალუტა, ტურისტებიც გააგრძელებენ ფულის შემოტანას და ლარის გამყარება შემდგომ თვეებშიც შესაძლებელია, მაგრამ თუ ექსპორტის საჭიროება, ან სხვა რამ მოითხოვს, ამ შემთხვევაში პირუკუ პროცესი დაიწყება. თუ მეტყვით, რა მოხდება მეოთხე კვარტალში, რა რაოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, ან რა პროცესები განვითარდება საგარეო ვაჭრობაში, მაშინ მეც გეტყვით, რა მოუვა ლარის კურსს”,- ამბობს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე