"როსსელხოზნადზორის" ინფორმაციით, საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა

"როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია "როსსელხოზნადზორის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის მიხედვით, სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა. როგორც ჩეკურაშვილმა განმარტა, აღნიშნული ზრდა იმ თანამშრომლობის შედეგიცაა, რომელიც "როსსელხოზნადზორსა" და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ჩამოყალიბდა.

"ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, გაზარდოს რუსეთში ციტრუსის, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე დაიწყოს ცხოველური წარმოების პროდუქციის მიწოდება, როგორიცაა ცხვრის ხორცი, ასევე ცოცხალი ცხვარი, კალმახი და თაფლი. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია რუსული თესლისა და გენეტიკური მასალის იმპორტით, ჯიშიანი პირუტყვის მოსაშენებლად", - ნათქვამია "როსსელხოზნადზორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ ჩეკურაშვილმა სერგეი დანკვერტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის ზომების შესახებ. მხარეებმა ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებიც განიხილეს.