საქართველოდან რუსეთში შესაძლოა ცხვრის, თევზის და თაფლის ექსპორტი მოხდეს

ქართული პროდუქციის რუსეთში საექსპორტო სიას, შესაძლოა, ცხვარი, თევზი და თაფლი დაემატოს.

ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა "როსსელხოზნადზორის" და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის შედგა.

"რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოდოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბაზრის დივერსიფიცირება სახელმწიფოს პრიორიტეტია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.