რესპონდენტთა უმეტესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.

შეკითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, დადებითი პასუხი მხოლოდ რესპონდენტთა 32%-მა გასცა, 68% კი აღნიშნულ შეკითხვაზე ირჩევს კატეგორიას "არა".

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამავე შეკითხვაზე საპასუხოდ დასაქმებულად თავს 30% ასახელებდა, ხოლო უმუშევრად - 67%.

ამასთან, იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევენ, 41 პროცენტი ირჩევს მისი მდგომარეობის ფორმულირებისას კატეგორიას "უმუშევარი" და "ვეძებ სამსახურს".

რაც შეეხება შეკითხვას 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობა, გამოკითხულთა უმეტესობა - 71 პროცენტი აცხადებს, რომ იგივე მდგომარეობაშია, 12 პროცენტი თავს უკეთესად მიიჩნევს, 17 პროცენტი კი – უარესად.

NDI-მ გამოკითხვა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა.