ვლადიმერ პუტინი - შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკა 100 მილიარდ რუბლზე მეტით დაზარალდეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რეალიზაციით შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკა 100 მილიარდ რუბლზე მეტით დაზარალდეს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მინსკში, უკრაინის პრეზიდენტის, "საბაჟო კავშირის" ლიდერებისა და ევროკომისიის წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.

"ყველაზე მოკრძალებული შეფასებებითაც კი, მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ზარალმა შესაძლოა, 100 მილიარდი რუბლი შეადგინოს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ჩვენი მრეწველობის რიგი სექტორები", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დანაკარგებს განიცდიან ბელურუსსა და ყაზახეთშიც. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში რუსეთი ვერ იქნება უმოქმედოდ.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმება ყაზახეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ევროკავშირმა და უკრაინამ ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერეს ხელი. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიცირებას სექტემბრის დასაწყისში მოახდენს.