ტენდერების შეწყვეტის მიზეზი ახლად აღმოჩენილი გარემოებებია

თბილისის მერიის მიერ ტენდერების შეწყვეტის მიზეზი, ახლად აღმოჩენილი გარემოებებია, თუმცა ტენდერების შეწყვეტის ოქმებში "გარემოებები" დაკონკრეტებული არ არის.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. უკვე შეწყვეტილი ინფრასტრუქტურული ტენდერები ძირითადად ივნისსა და ივლისშია გამოცხადებული. მათ შორის ყველაზე მაღალი ღირებულების თბილისში, ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდის-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა იყო, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 4 484 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში ორი კომპანია "ელიტა ბურჯი" და "ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი" მონაწილეობდნენ.

ასევე შეწყვეტილია თბილისში, მარტივი ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა, აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 3 000 000-ს შეადგენდა. ტენდერში ორი კომპანია შპს "ნიუ კონსტრაქშენ" და "სი ეიჩ ქეი დეველოპმენტის წარმომადგენლობა საქართველოში" მონაწილეობდა.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ასევე შეწყვეტილია რამდენიმე, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი. მათ შორის, თბილისში, ვაზისუბნის მე-3მ/რ. მე-2კვ. კორპ. N18-ის, ვაზისუბნის დას. კორპ. N15ა-ს, ვაზისუბნის დას. კორპ. N16ა-ს და ვაზისუბნის დას. კორპ. N19ა-ას გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაც 2 150 000 ლარი იყო. ტენდერში შპს "ჯანი" და შპს "კომპანია დავითი" მონაწილეობდნენ.

ტენდერების უმრავლესობა 25 აგვისტოს შეწყდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. დღესვე თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები განახლებული პირობებით უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

"თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, სატენდერო და ხელშეკრულებების პირობების დახვეწის მიზნით, შეწყდა 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული ჯამური ღირებულებით დაახლოებით 26 მილიონ ლარი. ტენდერების შეწყვეტის მიზეზი არაკვალიფიციურად შედგენილი ხელშეკრულებები გახდა",-ნათქვამია განცხადებაში.