რამდენია რეალურად ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი?

11 წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი მხოლოდ 41 ლარით გაიზარდა ?!

2014 წლის ივლისის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი საქართველოში 144,7 ლარს გაუტოლდა - ასეთია ოფიციალური მაჩვენებელი, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა. "საქსტატის" პარალელურად, კვლევა ჩაატარა "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმაც", ოღონდ სულ სხვა - ალტერნატიული მეთოდოლოგიით და სრულიად განსხვავებული შედეგი მიიღო. მათი მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ივლისის თვეში 315,4 ლარი გახლდათ, რაც ოფიციალურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩვენ დავინტერესდით, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ეს ციფრი?

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქეთევან კრიალაშვილი ამბობს, ”საქსტატი” საარსებო მინიმუმს სასურსათო და არასასურსათო კალათების 70/30 პროპორციის მიხედვით ადგენს, სასურსათო კალათის ფულად ღირებულებას კი 40 დასახელების პროდუქტის ჯგუფის მიხედვით ანგარიშობს. ”ამ პროდუქტების დღიური კვებითი ღირებულება ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 2 300 კილოკალორიაა. ასეა თუ ისე, საარსებო მინიმუმის ასეთი დაბალი მაჩვენებელი წელს ჯერ არ გვქონია. მართალია, გვარწმუნებენ, რომ ზაფხულია და ფასებმა დაიკლო, მაგრამ რეალობას თუ გადავხედავთ, ასე არ არის. თავდაპირველად საარსებო მინიმუმი სწორედ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფასების მიხედვით დავთვალეთ და 385 ლარი გამოგვივიდა. საიდან მოვიტანეთ 315,4 ლარი? _ ჩვენ თვითონ გავედით ბაზრებზე და მინიმალური ფასების მიხედვით დავიანგარიშეთ, რადგან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის ტოლფას შემოსავალზე ცხოვრობენ, ფეშენებლურ სუპერმარკეტებში არ დადიან. ბუნებრივია, ისინი პროდუქტის შესაძენად იაფ ბაზრებში მიდიან. ამიტომ, ჩვენ უშუალოდ მოვახდინეთ ბაზრების კვლევა და დათვლის დროს შევაჭრების კოეფიციენტიც გავითვალისწინეთ. ამ დაკვირვების შემდეგ მე არ ვფიქრობ, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის შემცირება სეზონური მოვლენაა”, - ამბობს კრიალაშვილი.

”საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლის სიმცირეს ”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში” არასწორი მეთოდოლოგიითა და ფასების ლავირებით ხსნიან.

ქეთევან კრიალაშვილი: ”როგორც ჩანს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ზოგიერთი პროდუქტის ფასი არ იციან, ან საარსებო მინიმუმის დათვლისას არ ითვალისწინებენ. ჩვენს მიერ გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის მეტობა, ”საქსტატის” მიერ დადგენილ ოფიციალურ მონაცემთან შედარებით, სასურსათო კალათის ჩამონათვალის მრავალფეროვნებითაა გამოწვეული, რაც ადამიანის შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ამიტომ, ქვეყანაში დღეს არსებული მეთოდოლოგია დასახვეწია. შეუძლებელია საარსებო მინიმუმი მთელი 11 წლის განმავლობაში მხოლოდ 41 ლარით შეიცვალოს: ასეთია განსხვავება 2014 წლის საარსებო მინიმუმსა და 2003 წლის საარსებო მინიმუმს შორის. ინფლაციის ტემპსაც თუ გავითვალისწინებთ, განსხვავება 2003 წელს დადგენილ საარსებო მინიმუმს ანუ - 101 ლარსა და ახლანდელ 144 ლარს შორის არაადეკვატურია. შებამისად, ეს იწვევს ეჭვს, რომ საარსებო მინიმუმის რაოდენობა რეალობას არ შეესაბამება. ჩვენი რეკომენდაციაა - მინიმალურ სასურსათო და არასასურსათო კალათებს შორის პროპორცია იყოს 55/45. ეს კალათა მოიცავს 70 დასახელების პროდუქტს, რომელთა დღიური კვებითი ღირებულება 2 500 კილოკალორიას შეადგენს. ამავე დროს, ჩვენმა ორგანიზაციამ არასასურსათო კალათის დათვლაც შეძლო, მივიღეთ არასასურსათო ხარჯები, რომელშიც შედის: ტრანსპორტირება, კომუნიკაცია, კომუნალური გადასახადები, სამოსი, პირველადი ჰიგიენისა და საოჯახო ნივთების ფასი. ბუნებრივია, რომ ”საქსტატის” მიერ დადგენილი 40-45 ლარი ყველა ამ ხარჯისათვის ერთი თვის განმავლობაში სულაც არ არის საკმარისი. არასასურსათო კალათას 100-დან 120 ლარამდე თანხა მაინც სჭირდება. ამავე დროს შევისწავლეთ სხვა ქვეყნებში არსებული მოდელებიც: ევროკავშირში პირიქით ხდება - იქ ზოგ ქვეყანაში 30% უკავია სასურსათო ხარჯებს და 70% - არასასურსათოს. ამიტომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მინიმალური ზღვრამდე ჩამოვედით და სწორედ ასე დავადგინეთ პროპორცია - 55/45-ზე. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპისათვის ეს ყველაზე ოპტიმალურ ზღვარია”.

”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში” კილოკალორიების საკითხსაც განსხვავებულად აფასებენ: ”ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და გეოგრაფიული არეალიდან, თუ სხვა ქვეყნებში აპრობირებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ექიმებთან, სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ კილოკალორიების რაოდენობა 2500-მდე გავზარდეთ, სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ მიერ გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი - 315,4 ლარი. ეს უფრო რეალურია, ვიდრე 144,7 ლარი, რომელიც სულაც არ არის არსებობისათვის საკმარისი თანხა. დღეს არსებული მეთოდოლოგია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს არის შემუშავებული”.

როგორც ქეთევან კრიალაშვილი ამბობს, თუ ჩვენს ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმი დადგინდება, მერე უკვე შეიძლება ვისაუბროთ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, რადგან საარსებო მინიმუმის სწორი დათვლა არის სოციალური პოლიტიკის მთავარი საყრდენი და ორიენტირი. ”რა თქმა უნდა, პენსია და სოციალური დახმარება მყისიერად ვერ გაიზრდება, ამიტომ ჯერ უნდა დადგინდეს, რამდენია რეალური საარსებო მინიმუმი, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. დღეს სოციალური დახმარების ძირითადი პაკეტები საარსებო მინიმუმთან არის გატოლებული, თუ ჩვენ გვექნება სხვა რიცხვი და სხვა მონაცემი, სახელმწიფოს მოუწევს ფიქრი იმაზე, რომ ეს პაკეტები საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მოულოდნელ ცვლილებებს, დღეს თუ 150 ლარია პენსია, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ 300 ლარი უნდა გახდეს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვიწევს დაახლოება იმ საარსებო მინიმუმთან, რომელიც რეალურია. სხვათა შორის, ეს დღევანდელი ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაშიც იყო ჩაწერილი, ამიტომ, საარსებო მინიმუმი უნდა გახდეს რეალური, უნდა განისაზღვროს, რამდენია საჭირო იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ პენსია და სოციალური დახმარება რეალურ საარსებო მინიმუმს დავუახლოვოთ.

აბსურდია, რომ არასასურსათო კალათით გათვალისწინებული 40-43 ლარი ადამიანმა უნდა იკმაროს ტრანსპორტირების, კომუნიკაციისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, პირადი ნივთებისა და მედიკამენტების შესაძენად! საშუალოდ 105 ლარი მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული არასასურსათო კალათაზე, რაც შესაბამისად, საარსებო მინიმუმის რაოდენობასაც გაზრდის. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ ალტერნატიული მეთოდოლოგიას, რომელიც რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრას გაუადვილებს. მართალია, გვპირდებიან, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი შეიცვლება, მაგრამ ჯერ ამ დაპირების შედეგს ვერ ვხედავთ. ამიტომ, ძალაუნებურად გვიჩნდება კითხვა - ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ რასაც 2003 წელს 103 ლარით შეიძენდა, იმავე პროდუქტს დღეს 144,7 ლარად შეიძენს?”, - ამბობს ქეთევან კრიალაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე