ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო ჰუმანიტარული დახმარების სფეროში კონსულტაციებს გამართავენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პეტრო პოროშენკოსთან პირისპირ მოლაპარაკებისას, მიღწეული იქნა გარკვეული შეთანხმებები აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში კონსულტაციების დაწყების თაობაზე.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ვისაუბრეთ დონეცკისა და ლუგანსკისთვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე. შევთანხმდით, თუ როგორ ვითანამშრომლებთ. ჯერჯერობით, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის აღდგენა ენერგეტიკის და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზე.

"სიმართლე გითხრათ, გაზის მიწოდების თემატიკა ის რთული საკითხია, რომელიც ახლა ჩიხში შევიდა, თუმცა საუბარი ამ თემაზე საჭიროა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მინსკში გუშინ გვიან დაიწყო და შუაღამემდე გაგრძელდა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, რომლის განცხადებით, შეხვედრა გულწრფელი და პოზიტიური იყო.