საქართველოს მთავრობა DCFTA-ს იმპლემენტაციის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის

საქართველოს მთავრობა სექტემბერში DCFTA-ს იმპლემენტაციის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბჭოში ყველა დაინტერესებული პირი იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ორშაბათიდან, საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე Moody's რეიტინგებში საქართველოს პოზიციის პოზიტიური ცვლილების ძირითად მიზეზად სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ასევე, გაუმჯოსებულ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ეკონომიკურ მმართველობას მიიჩნევს.

როგორც ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, Ba3 სუვერენული რეიტინგის დადასტურება ასახავს საგარეო მოწყვლადობის, გეოპოლიტიკური რისკებისა და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობის შეფასების კომბინაციას ახლო მომავლისთვის.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძის თქმით, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ რეიტინგები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და სხვა საერთაშორისო სააგენტოებიც გადახედავენ საქართველოს პოზიციებს.

Moody's Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.