მუცოში ჰესი აშენდება

მუცოში ჰესი აშენდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

"მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუცოში ელექტროსადგურის მოწყობა, რომელიც 2015 წლის სეზონიდან მუცოსთვის დენის მომარაგების უწყვეტი წყარო გახდება. გუშინ მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მუცოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება და აქ ელექტროენერგია იქნება. სატელეფონო კავშირზეც გვაქვს მოლაპარაკება, რათა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებმა აქ განათავსონ შესაბამისი გადამცემი ანტენები და იმედი მაქვს, ამ პროცესში ისინიც ჩაერთვებიან", – აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მუცოს სტუმრობდა. მთავრობის მეთაური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, შემდეგ კი სოფელში მცხოვრები ერთადერთი ოჯახის უფროსს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნუგზარ დაიაურს განუმარტა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ციხე-სახლებს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება.