წყალში პესტიციდების საშიში შემცველობა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო კაზრეთის მოსახლეობას ურჩევს, ადგილობრივი სასმელი წყალი არ გამოიყენოს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში სასმელი წყლის 4 სინჯი აიღეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს, კერძოდ: დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ; I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ.

"წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.