რას სთავაზობს აგროდაზღვევა ფერმერებს?

ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური პირისათვის გამოყოფილ იქნება 30 ათასი ლარი, ხოლო კოოპერატივისათვის - 50 ათასი ლარი.

1 სექტემბრიდან ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება, რომელიც 2015 წლის 1 სეტემბრამდე იმუშავებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა: "ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს გარკვეულ დაფინანსებას აგროდაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, აგროდაზღვევა გავრცელდება ყველა პროდუქტზე და სუბსიდირება განხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგ შემთხვევაში კი - 95%-მდეც. თანადაფინანსებას სახელმწიფო განახორციელებს".

2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია, პროგრამაში ჩაერთვებიან ის სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც ამის სურვილი ექნებათ. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე "აგროდაზღვევის" პროდუქტი მხოლოდ ორ კომპანიას "ჯიპიაი ჰოლდინგს" და "ალდაგი ბისიაი"-ის გამოაქვს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აგროდაზღვევა ახალი ხილია და ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში გააქტიურდნენ, ამიტომ ეს სფერო ჯერჯერობით სულაც არ არის მომგებიანი სადაზღვევო კომპანიებისათვის. ამავე დროს, დაზღვევის მიმართ უნდობლობა გლეხებსა და ფერმერებს შორისაც შეინიშნება.

ახალი საპილოტე პროგრამის დეტალებში გარკვევა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს ვთხოვეთ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის შემუშავებასა და განხილვაში.

გიგლა აგულაშვილი: ”საპილოტე პროგრამა ჩვენი კომიტეტის წევრებთან და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ. სხვათა შორის, სასიხარულოა, რომ ამ პროექტით დაინტერესებულია ერთ-ერთი გერმანული ბანკი, რომელიც განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენელია და რომელიც აქ შემოსვლას აპირებს. ჯერჯერობით ისინი კვლევას ატარებენ და ამ კვლევის შემდეგ გადაწყვეტენ, რამდენად საფუძვლიანია მათი ინტერესი ჩვენი სადაზღვევო ბაზრისადმი. ვფიქრობ, რომ ეს კვლევა სულაც არ არის შემთხვევითი, როგორც ჩანს, ისინი ხედავენ ამ ბაზრის განვითარების პერსპექტივებს და მათთვის მისაღებია ის, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ხდება. ეს საკმაოდ ძვირი კვლევაა - 200 ათასი ევრო ჯდება. რა თქმა უნდა, ამ კვლევის შედეგები ჩვენთვისაც საინტერესოა და მათთვისაც. ვფიქრობ, რომ თუ ისინი ბაზარზე შემოვლენ, ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მდგომარეობას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. ეს ამ ბანკის წარმომადგენლებს მისცემს სტიმულს, რომ უფრო მეტი საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს”.

- გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა ერთი წლის შემდეგ?

- ეს არის პროექტი, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და ითვალისწინებს ფერმერთა ძალიან დიდი ნაწილის სატკივარს, რომ მათ როგორღაც დააზღვიონ თავისი მოსავალიც და ქონება. ჩვენი გლეხები და ფერმერები ყოველწლიურად ზარალდებიან სტიქიური მოვლენების გამო, აგროდაზღვევა კი დაფარავს მათ ზარალს, თუმცა, შესაძლოა ყველა სახის ზარალი ვერ დაფაროს. ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური პირისათვის გამოყოფილ იქნება 30 ათასი ლარი, ხოლო კოოპერატივისათვის - 50 ათასი ლარი. სადაზღვევო პრემიის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფოს მიერ, სუბსისდირების პროცენტი საკმაოდ მაღალია - საშუალოდ 80-დან 90-მდე, შეიძლება მეტიც იყოს, იმის მიხედვით, თუ რომელი სახეობის პროდუქტის დაზღვევა ხდება. საპილოტე პროექტი სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ დავაკვირდებით, მივიღებთ გამოცდილებას, ვნახავთ მასში რაიმე ხარვეზები ხომ არ არის, ან რისი გაუმჯობესება შეიძლება და პარალელურად დავიწყებთ კანონპროექტის განხილვასაც, ინიცირებას კი პარლამენტში მოვახდენთ. რადგან სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსაც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი რეგულაციების კანონით დარეგულირება გაცილებით სტაბილურ ვითარებას შექმნის ამ სფეროში.

- კიდევ რა სფეროს შეეხება ეს პროგრამა?

- მართალია, ეს აგროდაზღვევის პროექტია, მაგრამ ჩვენ ასევე ვმუშაობთ საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციაზეც. მომავალი წლიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიც უნდა შეიქმნას. ეს ყველაფერი რისკებს შეამცირებს, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება და ამიტომ დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკებისაგან თავის დასაცავად. სახელმწიფო ფერმერს სთავაზობს დაზღვევას და საკმაოდ მსუყე სუბსიდირებას, რომელიც ზარალის მიყენების შემთხვევაში 75%-ზე მაღალია, ზოგ შემთხვევაში კი ზარალი 90%-საც დააფინანსებს. იმედია, რომ ფერმერებიც დაინტერესდებიან ამ პროექტით. ამასთან, აგროდაზღვევა სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ განადგურებული მოსავალი უნდა ანაზღაურდეს, აქ ლაპარაკია მეტი ცოდნის, უფრო მეტი ტექნოლოგიური მიღწევის შემოტანაზე სოფლის მეურნეობაში. ლაპარაკია აგროვადების დაცვაზე და საერთოდ, აგროკულტურის გაუმჯობესებაზე ქვეყანაში. ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდებით და მერე გადავწყვეტთ, პროგრამა ამ ფორმით დარჩება, თუ შეიცვლება. ყველაფერი შეთანხმებულია სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საპილოტე პროექტი მთავრობამაც მოიწონა და ის სულ მალე ამოქმედდება.

ხათუნა ჩიგოგიძე