შემოსავლების სამსახურის უფროსი სარფში რიგებს ზაფხულის სეზონს და მგზავრთა სიმრავლეს უკავშირებს

შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე სარფის საბაჟოზე რიგებს ზაფხულის სეზონს და მგზავრთა გაზრდილ ნაკადს უკავშირებს.

მისი თქმით, საბაჟოს არანაირი პრობლემა არ აქვს და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

"ეს რიგები უკავშირდება ზაფხულის სეზონს, რადგან ამ პერიოდში 40%-ით მეტი ადამიანი შემოდის. ეს დროებითი პრობლემაა და დაახლოებით 10 დღეში ხალხის მასა იკლებს", - განაცხადა ირაკლი გვარამაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თავად, რამდენჯერმე იყვნენ სარფში ჩასული და გაეცნენ ვითარებას. ასეთი ვიზიტი რამდენიმე დღის წინაც შედგა.

საბაჟო სამსახურს დავალებული აქვს, რაც შეიძლება შეუფერხებლად იმუშაონ, რათა მგზავრთა ნაკადის ხელოვნურად შეფერხება არ მოხდეს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს. ათასობით მოქალაქეს 4-5 საათი უწევს რიგში დგომა კონტროლის გასავლელად. რაც შეეხება ავტომანქანებს, ავტოკოლონის რიგი 3-4 კილომეტრს აღწევს.