ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დღეიდან დროებით ამოქმედდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დღეიდან დროებით ამოქმედდა.

კერძოდ, ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

გარდა DCFTA-სა, ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმების პირველი კარი – ძირითადი პრინციპები; მეორე კარის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური დიალოგსა და რეფორმებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები; ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები და სხვა.

ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში არ ექცევა. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DCFTA-ზე. მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა, ხოლო ხელშეკრულების პარაფირება 2013 წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მოხდა. ასოცირების შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 27 ივნისს მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან, ოთხს აქვს რატიფიცირებული. ეს ქვეყნებია ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს გაფორმდა. არსებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ აგვისტოში თითქმის ყველა ქვეყანაში საკანონმდებლო მუშაობა შეჩერებული იყო, ხელშეკრულების რატიფიცირების ახალი ტალღა უკვე სექტემბრიდან არის მოსალოდნელი.