მაია ფანჯიკიძე : სავიზო რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, ევროკავშირის რეგულაციებთან სრულ თანხვედრაშია

ის სავიზო რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, ეფექტური იქნება.

"ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ, მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და ის სავიზო რეგულაციები, რომელიც შემოვიღეთ და დღეიდან ამოქმედდება, თანხვედრაში და ჰარმონიაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. მათგან მიღებული რჩევებიც გათვალისწინებულია. ჩვენ ვგეგმავთ საკონსულო სამსახურის გაძლიერებას საზღვარგარეთ. მართალია, მსოფლიოს 194 ქვეყანაში არ გვაქვს საკონსულო, მაგრამ გვაქვს ძირითად ქვეყნებში და ქალაქებში. შესაბამისად, საკონსულოებში ვიზის მიღების პრობლემა არ არის. აბსოლუტურად ყველა ის ქვეყანა არის გადაფარული, საიდანაც არის ინტერესი საქართველოში შემოსვლის სხვა საკონსულოებიდან, ჩვენ იქ გაძლიერებული რეჟიმით ვემსახურებით მოქალაქეებს. შეფერხებები, იმედი მაქვს, რომ არ იქნება. პირველ დღეებში ყველაფერი ახალი იწვევს გარკვეულ სიძნელეებს, თუმცა იმედი მაქვს, ეს იქნება მინიმალური და ის ახალი პოლიტიკა, რომელიც შევიმუშავეთ, იქნება ეფექტური", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველომ დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება.