წელს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური თოვლი მოვა

სეზონის გახსნა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, რაც დამსვენებელთა რიცხვის და კურორტის შემოსავლიანობის გაზრდას გამოიწვევს.

გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია DEMAKLENKO-ს შორის გუდაურსა და დიდველზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, კურორტებზე გეოლოგიური, გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გუდაურსა და დიდველზე პირველი სასრიალო გზების გათოვლიანება განხორციელდება.

ხელმოწერა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში იტალიაში, ქალაქ ვიპიტენოში შედგა. კვირიკაშვილმა საქართველოს სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საკითხებზე მოლაპარაკება გამართა მსოფლიოში ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი კონცერნის HTI (High Technology Investments) და მის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან.

პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა და სასრიალო გზების გათოვლიანება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სეზონის გახსნა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, რაც სასრიალო სეზონის, დამსვენებელთა რიცხვის და კურორტის შემოსავლიანობის გაზრდას გამოიწვევს.

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Gudauri and Bakuriani will have artificial snow this year