სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში სადაზღვევო კომპანიებთან მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება.

ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში დღეს ხუთ სადაზღვევო კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარინა მორგოშიამ და "ჯი-პი-აი ჰოლდინგის", "ალდაგის", "აი სი ჯგუფის", "ირაოსა" და "ქართუს" ხელმძღვანელმა პირებმა.

მარინა მორგოშიას განცხადებით, პროგრამაში ჩართულ ფერმერებს საშუალება ექნებათ, დააზღვიონ მოსავალი სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან. აგროდაზღვევაში დაზღვეულებს 80%-მდე სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო აუნაზღაურებს, დანარჩენი თანხა კი ფერმერმა უნდა დაფაროს.

ამასთან, დამზღვევაზე გადახდილი სადაზღვეო პრემიის თანადაფინანსების თანხა 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე - 50 ათას ლარს.

როგორც სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ფერმერის შესაძლო ზარალის ანაზღაურება ერთი თვის ფარგლებში, მას შემდეგ მოხდება, რაც ზარალის გარემოებები დადგინდება.

პროგრამის საერთო მოცულობა 5 მლნ ლარს შეადგენს და ერთწლიანია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანი ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. ასევე, ამ სფეროში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.