ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა.

ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა. "როიტერის" ინფორმაციით, ახალი სანქციები ეხება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ფინანსურ და ნავთობმრეწველობას.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვას. ასევე ავსტრალიამ აკრძალვა დააწესა ყირიმში ინვესტიციებზე.

"კონფლიქტის შედეგად 2 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მოდით, განვმარტოთ, რა ხდება. ეს კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო და რუსეთია ამ ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებელი. მინდა გითხრათ, რომ ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს", - განაცხადა ტონი ებოტმა.

ავსტრალიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში მანამდე რვა რუსი და ოთხი უკრაინელი მაღალჩინოსანი მოხვდა. უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, კვირის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს მოამზადებს ევროკავშირიც.