ავსტრალია G20-ის სამიტზე რუსეთის დაბლოკვას გეგმავს

ავსტრალია G20-ის სამიტზე რუსეთის დაბლოკვას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. The Australian Financial Review-ის ინფორმაციით, ავსტრალია ნატო-ს უელსის სამიტს გამოიყენებს, რათა "ოცეული" დაითანხმოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის G20-ის სამიტზე მონაწილეობის დაბლოკვაზე.

როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, ამ საკითხის განხილვას უელსის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელთან აპირებს.

"დიდი ოცეულის" მომდევნო სამიტი ნოემბერში, ბრისბენში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია სამიტის მასპინძელია, ჯგუფის წევრების თანხმობის გარეშე ვერ გადაწყვეტს რომელიმე ქვეყნის ლიდერის მიწვევა-არმიწვევის საკითხს.

ავსტრალიის გარდა, "დიდი ოცეულის" წევრები არიან არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იაპონია და ევროკავშირი.

უკრაინაში განვითარებული კრიზისის გამო გუშინ ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა.