ბათუმში "მწნილისა და მურაბის ფესტივალი" გაიმართა

ბახმაროს შემდეგ, მარნეულის სასურსათო ქარხნის "მწნილისა და მურაბის ფესტივალი" გუშინ ბათუმში გაიმართა.

ფესტივალი საოცრებათა პარკში, ბათუმობის დღესასწაულზე მოეწყო და მის ფარგლებში მწნილისა და მურაბის კუთხეები იყო წარმოდგენილი.

"სტუმრებს ,,მარნეულის სასურსათო ქარხნის" უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ეს პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდა. მოსული სტუმრები ოჩოფეხიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმა გაართეს, ფესტივალის მუსიკალური ნაწილი კი ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მოძახილმა" წაიყვანა", - აცხადებენ მარნეულის სასურსათო ქარხანაში.

პირველად ფესტივალი 2013 წელს თბილისში, "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. წელს, ღონისძიებამ სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახმაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. 6 სექტემბერს ფესტივალს ახალციხე, 7 სექტემბერს - გორი, 13 სექტემბერს - ოზურგეთი, 14 სექტემბერს - ზუგდიდი, 20 სექტემბერს - სამტრედია, 21 სექტემბერს - ქუთაისი, 27 სექტემბერს- გურჯაანი, 28 სექტემბერს თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად, ოქტომბერის დასაწყისში დედაქალაქში, "თბილისობის" დღესასწაულზე დასრულდება.

"მარნეულის სასურსათო ქარხნის" "მწნილისა და მურაბის ფესტივალების" ორგანიზებაში ადგილობრივი ხელისუფლებების გარდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც არის ჩართული. ფესტივალები, რომელიც ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, შიდა ტურიზმისა და რეგიონული განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.