საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე კომპანია "კოპრ კონსთრაქშენის" წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძემ კომპანია "კოპრ კონსთრაქშენის" საქართველოს ფილიალის დირექტორ ალა აკდაგმასთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "კოპრ კონსთრაქშენი" ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ საკითხები და სხვა მასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E- 60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ ლარს, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვეს შეადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.