ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს

ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

50-მდე ადამიანი დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ ცუდად ეპყრობიან. მათივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციამ სამი მუშა სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლა.

"არანაირი პირობები არ გვაქვს, არც წყალი, არც სასადილო, არც საპირფარეშო, ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა, როცა ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას, მენეჯერი გათავისუფლებით გვემუქრება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გაფიცული მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კომპანიის მენეჯერის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.