სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის შედეგად შიდა ქართლში გამყოფი ხაზის მიმდებარე 39 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდა, 18 ათას ოჯახს მოუტანს სარგებელს.

რეაბილიტირებული სარწყავი არხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა გახსნეს.

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესში 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარს მიუყვება.

ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით 14 სოფლის 8500 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის მორწყვა გახდება შესაძლებელი. ეს სოფლებია ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.

სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი. გარდა ჩამოთვლილი სოფლებისა, არხის რეაბილიტაციის შედეგად ათამდე ოსური სოფლის სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება.

პროექტს, ქართული სამშენებლო კომპანია შპს "მშენებელი 80" ახორციელებს. სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 31.9 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების და კარბის სათავე ნაგებობის მშენებლობა, მოეწყო 85 ერთეული წყალგამშვები ჭა, აშენდა 13 ერთეული შემტბორავი ნაგებობა და გაკეთდა წყალგამყოფი კვანძები.

2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი იყო. სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარდა.