ლევან დავითაშვილი ყურძნის ფასებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი დღეს გურჯაანს ეწვევა.

დავითაშვილი, სასტუმრო "რები"-ში რთველის საკოორდინაციო შტაბში მივა და რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ფასებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

კახეთის რეგიონის მოსახლება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საფერავის ფასის გამო უპირისპირდება. გლეხების თქმით, ორი დღის წინ საფერავი 2 ლარი და 35 თეთრი ღირდა, დღეის მდგომარეობით კი, 1 ლარს და 50 თეთრს არ აღემატება, რასაც პროტესტი მოჰყვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი საფერავზე ფასის შემცირებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ წლევანდელი ფასი მაინც უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს.

როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, საფერავის ფასი შარშანდელთან შედარებით 50 %-ით გაზრდილია. "რიგი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ყურძნის დაბალ ფასებს აპროტესტებს. ფასი დაბალი არ არის. პირიქით, წელს არის უპრეცედენტოდ მაღალი ფასი, ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი ოდესმე საფერავის ჯიშის ყურძენზე ყოფილა. შარშანდელთან შედარებით საფასური 50 %-ით მეტია. რა თქმა უნდა, ყურძნის მაღალი ფასი განაპირობებს პროდუქტის მაღალ ფასს და საბოლოოდ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. რაც შეეხება ფასის შემცირებას - ფასი მერყეობს და ეს კარგია, რადგან საქართველოში თავისუფალი ფასებია და ჩვენი ქვეყანა არაა რეგულირებადი ფასების ეკონომიკა. აქედან გამომდინარე ფასი ვერ იქნება ვიღაცის მიერ დადგენილი. არ შეიძლება, რომ ის სახელმწიფოს მიერ იძულების წესით იყოს ფიქსირებული, მით უმეტეს აგროპროდუქტზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პრესკონფერენცია 11:00 საათზე დაიწყება.