2014 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11,1 მლრდ ლარი შეადგინა

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11,1 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 5,7 მლრდ ლარი შეადგინა.

საწარმოთა საქმიანობის შედეგებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 84,4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 6,3 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9,3 პროცენტი.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 83,2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7,5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9,3 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 8,9 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 5,6 მლრდ ლარი შეადგინა.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 233,2 მლნ ლარი, ხოლო დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 507.6 ათასი ადამიანი, რომელთაგან 39,8 პროცენტი ქალია, ხოლო 60,2 პროცენტი – კაცი.