აზერბაიჯანში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია ტარდება

აზერბაიჯანში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში, მეტროპოლიტენის ვაგონებში საქართველოს შესახებ ბანერების სახით რეკლამებია განთავსებული. მონიტორებზე კი 30 წამიანი საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს. საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების რეკლამირება ხდება სოციალური ქსელებით და ვებ-გვერდებით, სადაც ფლეშბანერებია განთავსებული. მარკეტინგული კამპანია აზერბაიჯანში 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კამპანიის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას.

სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების მოზიდვის კუთხით საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

"2014 წლის 8 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს აზერბაიჯანიდან 859 683 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანი ტოპ-10-ულში მე-2 ადგილს იკავებს", - აცხადებენ სააგენტოში.