ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პაკეტი მიიღო

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პაკეტი მიიღო.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპული საბჭოს მიერ მიღებული ზომები 31 ივლისს დაწესებული ზომების გამკაცრებისკენ იქნება მიმართული.

"სანქციები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რუსეთის ქმედებების კურსის შეცვლას აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მხრივ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებისთანავე, ავტომატურად შევა ძალაში.

"სანქციების ამოქმედებამდე დარჩენილი პერიოდი ტოვებს დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზაციისა და სამშვიდობო გეგმის შესრულების შესაფასებლად. უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირი მზად არის გადახედოს შეთანხმებულ სანქციებს მთლიანად ან ნაწილობრივ", - აღნიშნავს ჰერმან ვან რომპეი.