ჰოლანდიის მხარდაჭერით საქართველოში საირიგაციო პროექტი განხორციელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰანს ჰორბახს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს, საქართველოში სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განსახორციელებელ ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. "ზემო სამგორის საირიგაციო არხის რეაბილიტაციის პროექტის" საერთო ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს.

"პრაქტიკულად დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, ყველა კონკრეტულ საკითხთნ დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება და მზად ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწეროს სამთავრობო შეთანხმებას, რომლითაც საქართველოში ახალი საირიგაციო პროექტი დაიწყება", - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგას. მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.