მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, მისი მოადგილე თორნიკე თორაძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მორიგი მონიტორინგის მიზნით, წყალტუბოში იმყოფებოდნენ.

ფონდის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

"წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია 2013 წლის ბოლოს დასრულდა. რაც შეეხება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ დროისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობს: "ცივი" ტბისა და ტბიდან გამყვანი არხების რეაბილიტაცია; კურორტის მართვის ოფისის, პარკში და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობების მშენებლობა; ქ. წყალტუბოს "ცივი" ტბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია (ფაზა 2); წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია; წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (ფაზა 2); ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიის გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი; საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია; ქ. წყალტუბოს გამგეობისა და თეატრის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები", - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამის ტენდერებში გამარჯებული სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ: შპს ,,დაგი", შპს ,,ერისიმედი", შპს ,,ჯავა", შპს ,,მწვანე სახლი", შპს ,,ნდს მშენებლობა", შპს ,,ცეკური", შპს ,,აზერტუნელი", შპს ,,საქმილსადენმშენი", შპს ,,წყალკანალრემშენი" და ი/მ თემურ ალბექიონი.

ადგილზე დასაქმებულია 300-მდე ადგილობრივი მოსახლე. სამუშაობის დასრულება 2015 წლის III კვარტალშია დაგეგმილი.