პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების (პირდაპირი და პორტფელი) მოცულობა გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა ”ჯეოსტატი" აქვე აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორში ცვლილება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან თანხის გადადინებამ უცხოურ პორტფელის ინვესტიციებში.

საქსტატის ინფორმაციითვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის მეორე კვარტალში 208 მლნ დოლარი შეადგინა, 2012 წლის იმავე პერიოდში კი- 218 მლნ აშშ დოლარი იყო. ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, მიმდინარე წელს I და II კვარტალში შემოსული ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი ყველა დანარჩენ ანალოგიურ პერიოდში შემოსულ მაჩვენებელს ჩამორჩება.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ 2014 წლის მეორე კვარტალში დაჯამებულია როგორც პირდაპირი, ასევე პორტფელური ინვესტიციების მოცულობა. "მოგეხსნებათ, ”თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და 300 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის შემოდინება მოხდა. ეფექტის კუთხით თუ შევხედავთ, პრინციპში იგივეა, ჯამში გამოდის სადღაც 450 მილიონზე მეტი: პირდაპირი და პორტფელური ინვესტიცია. თუმცა რომ არ ყოფილიყო ”თიბისის” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა, მაშინ საკმაოდ არასასურველი ციფრი გვექნებოდა. ამის გარეშე უკვე ფაქტობრივად ინვესტიციების 60 მილიონიანი კლება იქნებოდა გასული წლის იგივე კვარტალთან შედარებით”.

რაც შეეხება II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, ესენი არიან: ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი, თურქეთი, რუსეთი, აშშ, კვიპროსი, შვეიცარია, ჩინეთი და საფრანგეთი.

ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა და 101 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობა 58 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკა 45 მლნ აშშ დოლარით.